3 აუცილებელი რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს C ჰეპატიტზე

გაქვთ თუ არა C ვირუსი?
ბევრს C ჰეპატიტი მხოლოდ ნარკომომხმარებელთა დაავადება ჰგონია და საკუთარ თავს რისკჯგუფში მყოფად არც მიიჩნევს, არადა, სტატისტიკით ნარკომომხმარებლები ინფიცირებულთა მხოლოდ 10-15 პროცენტს შეადგენენ. დიდი წილი მოდის უხარისხო ჯანდაცვისა და სხვა საშუალებებით მოსარგებლე პაციენტებზე.

ამ დაავადებას გამოკვეთილი სიმპტომები არ აქვს და თუკი მძიმე სტადიას არ მიაღწევს, მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით გამოცდილ ექიმსაც კი გაუჭირდება მისი დიაგნოსტიკა. ამიტომ თუ არ გაქვთ პასუხი შეკითხვაზე: გაქვთ თუ არა C ვირუსი? – დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეთ, გაიკეთოთ შესაბამისი სისხლის ანალიზი, სწრაფი ტესტი, რომელიც ძალიან იაფი ჯდება ან შეიძლება ზოგგან უფასოც იყოს.

 

თუკი პასუხი დადებითია!
დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ ექიმ-ჰეპატოლოგთან. ეს ძალიან რთული და ვერაგი დაავადებაა და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მასთან ბრძოლა შეუძლებელია, ხოლო სირაქლემის პოზიციის არჩევა, თითქოს არაფერი ხდება – ძალიან დიდი დანაშაული.

 

მხოლოდ ექიმითა და მკურნალობით ახალ ღვიძლს ვერ მივიღებთ!
მკურნალობის არც ერთი კურსი არ იძლევა ახალ ღვიძლს. ყველა ემსახურება ვირუსის სიკვდილს, C ჰეპატიტის ელიმინაციას. თუმცა ადამიანს საკუთარი ღვიძლის განადგურება ვირუსის გარეშეც შეუძლია. ჭარბი ალკოჰოლი ამას უვირუსოდაც ეფექტიანად მოახერხებს. ასევე, ცხიმიანმა საჭმელებმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პათოლოგია. არასწორი ყოველდღიური ცხოვრების წესით, მით უფრო, თუ ვირუსიც გაქვთ, იოლად შეუწყობთ ხელს, რომ ვირუსმა ნოყიერი ნიადაგი იპოვოს და უფრო სწრაფად მოსპოს ღვიძლის ჯანსაღი უჯრედები. ამიტომაა, რომ მკურნალობამდეც და მკურნალობის შემდეგაც პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტის ელემენტარული ნორმები, კვების რეჟიმი, რათა დროთა განმავლობაში ღვიძლი აღდგეს.

ჰეპატიტთან ბრძოლა არ უნდა ჰგავდეს ცალკარა ფეხბურთს, როდესაც ყველა ცდილობს, ბურთი მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით გაიტანოს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აიცილოს. უნდა ვიბრძოლოთ 360 გრადუსით, რადგან ე.წ. ფრონტის ხაზი ყველგან გადის – თითოეულ პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, გარმოცვასთან და ა.შ.

წყარო :  http://hepatiti.ge/2015/09/21/3-ram-c-hepatitze/