დღეს აივ ინფექცია აღარ ითვლება სასიკვდილო დაავადებად, თანამედროვე სამკურნალო საშუალებების ფონზე ეს არის ქრონიკული მართვადი დაავადება, თუმცა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები აივ ინფექციის დიაგნოზს მაინც სასიკვდილო განაჩენად აღიქვამს. ამიტომ აივ ინფექციის დიაგნოზზე პირველი რეაქცია შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს – შოკი, გაღიზიანება, შიში, დაბნეულობა.
ამ დროს ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. აივ ინფექციის დიაგნოზმა შეიძლება ოჯახის წევრები და მეგობრები შეაკავშიროს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ახლობლები გაურბიან ან ხელს ჰკრავენ აივ–ინფიცირებულ ადამიანს.
აივ ინფექციის დიაგნოზის სტიგმატიზაცია აძნელებს გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, ვის უნდა ეცნობოს დიაგნოზი. ავადმყოფმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, არ უთხრას თავისი დაავადების შესახებ სხვებს ან აწოდებს მათ არაზუსტ ან არასრულ ინფორმაციას (მაგ., უფრო იტყვის, რომ კიბოთია დაავადებული, ან ჰეპატიტით, მაგრამ არა შიდსით).
მძიმე დაავადების არსებობა არსებით ზეგავლენას ახდენს პაციენტის სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და მის აქტივობაზე. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტონომიურობის, თვითკონტროლისა და მომავლის პერსპექტივის დაკარგვის განცდა. აივ/შიდსმა შეიძლება სერიოზულად დაარღვიოს ჩვეული ოჯახური და ცხოვრებისეული რიტმი; ზოგიერთი აივ ინფიცირებული იმდენად დაშინებულია საკუთარი მდგომარეობით, რომ ცდილობს, თავიდან აიცილოს ფიზიკური კონტაქტი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან იმის შიშით, რომ აივ ინფექცია არ გადასდოს.
სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო აივ ინფიცირებულებს უარს ეუბნებიან სამსახურზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ჩნდება ფინანსური პრობლემები. როგორც წესი, სტიგმა ვრცელდება ინფიცირებულთა ოჯახის წევრებზეც. ისინი, ხშირად, ისეთივე სოციალურ–ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგებიან, როგორც თავად ინფიცირებული.
აივ ინფექცია აზიანებს საზოგადოების ახალგაზრდა, შრომისუნარიან ნაწილს. ინფექციის გავრცელება მოითხოვს მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას ქვეყანაში. სტიგმა ხელს უწყობს არაჯანსაღი ურთიერთობების და შეხედულებების გავრცელებას, ზოგჯერ აგრესიას ინფიცირებულების მიმართ. ამასთან ერთად, სტიგმა ხელს უშლის საზოგადოებაში აივ ინფექციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ითვლება, რომ ეს პრობლემა ეხება მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს. შედეგად, ადამიანები არ იცავენ უსაფრთხო ქცევის წესებს და რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას.