21 ნოემბერს გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალ ალიანსის“ ერთობლივი კონფერენცია „ ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო “, სადაც განიხილეს ჯანდაცვის სფეროს რეფორმების ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები.
კონფერენცია გახსნა „გლობალ ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, რომელიც 7 წლის განმავლობაში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, შემდგომ კი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მან დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში რეფორმები, პროექტები და პროგრამები. მათ შორის, ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც : „ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია და სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. საქართველო პირველ ადგილზეა C ჰეპატიტის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამის განხორციელების თვალსაზრისით და 5000 ადამიანი უკვე იღებს ამ მედიკამენტებს.“
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან დადებითად შეაფასა პროგრამა და წარმატებული, უპრეცენდენტო და უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა : „ ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების ბოლომდე აღმოფხვრას. დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. პირველი ეტაპის შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ მეორე ეტაპი. ეს იქნება მართლაც საერთო გამარჯვება, რადგან დავამარცხებთ ძალიან დიდ პრობლემას, რომელსაც C ჰეპატიტი ჰქვია. ეს წარმატება არის ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის შედეგი. “ პრემიერმა ბატონ სერგეენკოს და მის გუნდს, მთელ სამინისტროს მადლობა გადაუხადა ამ პროგრამის წამატებით განხორციელებისთვის.
შეგახსენებთ რომ, ბერნარ კუშნერი ახლახან დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების და მიმდინარე რეფორმების გაცნობა- შეფასება წარმოადგენს, აგრეთვე ქართველი კოლეგებისათვის კონსულტაციების გაწევა და გამოცდილების გაზიარება.