დღეისათვის საქართველოში ათასობით ადამიანმა გადაიტანა გრიპი გართულების გარეშე. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მძიმე შემთხვევების მართვისათვის. მსგავსი სიტუაციების მართვის გამოცდილება საქართველოს ჰქონდა 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებზე, როდესაც დომინირებდა A/H1p ვირუსი.
საქართველოში სიტუაცია ნაკლებად დრამატულია ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
2016 წლის მე-5 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს 100 000 მოსახლეზე, დაფიქსირდა 10 ლეტალური შემთხვევა (მ.შ. 6 ქრონიკული დაავადების მქონე პირებში).
მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.
ამასთან, საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 5 კვირის მანძილზე (2016 წლის პირველი 5 კვირა) აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებების ინციდენტობისა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილის ზომიერი მატების ტენდეცია.
2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის 267 ვირუსი (პირველი გამოყოფა – 2015 წლის 49-ე კვირაში). მათ შორის 257– A/H1p და 10 – A/H3. ლეტალურად დასრულდა 10 შემთხვევა, მ.შ.9- A/H1p და 1- A/H3
გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა.
გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატების ტენდენცია, ამასთან, პრედომინანტურად გავრცელებული იქნება კვლავ A/H1p, რომელსაც ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა (სხვა ქვეტიპებთან შედარებით) და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი.
საქართველოს, სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, აქვს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსების შესახებ და დკსჯეც განაგრძობს ზედამხედველობას გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების გამომწვევი ვირუსების ცირკულაციაზე.
ინფორმაცია სისტემეტურად ახლდება ცენტრის ვებ. გვერდზე www.ncdc.ge.
სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოში
სომხეთი – შეინიშნება შემთხვევათა კლება, დაფიქსირდა გართულებული გრიპის ვირუსით 18 გარდაცვალების შემთხვევა. საავადმყოფოებში, დღეისათვის, 700-მდე ადამიანი მკურნალობს. 1 იანვრიდან დღემდე სულ სამედიცინო დაწესებულებებს გრიპითა და გრიპის შემდგომი გართულებებით 3 ათასამდე ადამიანმა მიაკითხა.
უკრაინა – დღევანდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 155 ლაბორატორიულად დადასტურებული ლეტალური შემთხვევა, მათ შორის ორი 17 წლამდე ასაკისაა და 1 – ფეხმძიმე. ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევაა ოდესის რეგიონში – 32. გარდაცვლილთა 98% უკავშირდება H1N1 ტიპის ვირუსს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.
რუსეთი – 29 იანვრის მონაცემებით 126 ადამიანი გარდაიცვალა გრიპის გართულებებით. ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით, სეზონური გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევები პიკს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიაღწევს, შემდეგ დაიწყება შემცირება.
მე-4 კვირის მდგომარეობით (18-დან 24 იანვარს, 2016) რუსეთში შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ავადობის მაჩვენებლმა მიაღწია 91.9 – 10 000 მოსახლეზე და პირველად გადააჭარბა საბაზისო (69.5) მაჩვენებელს. გეოგრაფიულად რუსეთის ყველა რაიონში გრიპი გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, გარდა ციმბირისა, სადაც გავრცელების მაჩვენებელი შეესაბამება რეგიონულ დონეს. რუსეთის რამოდენიმე რეგიონსა და ქალაქში ოფიციალურად გამოცხადდა გირპის ეპიდემია, რის შედეგადაც ამოქმედდა დისტანცირების ღონისძიებები სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ლაბორატორიულად გამოკვლეულია 4924 გრიპით დაავადებული ადამიანის ნიმუში 54 ქალაქში, მთელი რუსეთის მასშტაბით. გრიპი დადასტურებულია 1654 (33,6%) შემთხვევაში. მ.შ. დომინირებს გრიპის ვირუსი A (H1N1) pdm09 – 30.9% შემთხვევაში, გრიპის ვირუსი A (H3N2) – 2.0% –ში და გრიპი B -0.2% –ში.
თურქეთი – 28 იანვრის მონაცემებით 57 ადამიანი გარდაიცვალა A/H1p გრიპის ვირუსით, მ.შ. 6 ადამიანი ქრონიკული დაავადების მქონე და 1 ორსული. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით შეინიშნება შემთხვევათა კლება და 480-დან, ვინც მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისათვის, 280-ში დადასტურებულია A/H1p გრიპის ვირუსი.
ევროპა – ECDC-ს მონაცემებით გრიპის ფართო გავრცელება დაფიქსირდა 9 ქვეყანაში (ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ირლანდია, პორტუგალია, საბერძნეთი, სლოვენია, ისრაელი), რეგიონალური – 3 ქვეყანაში (გერმანია, ალბანეთი, სომხეთი), ადგილობრივი – 11 ქვეყანაში და სპორადული – 15 ქვეყანაში. ყველგან დომინირებს გრიპის A (H1N1) pdm09 ვირუსი.
ამერიკა – აშშ–სა და კანადაში, CDC-სა და FluNet –ის მონაცემებით, მე-3 კვირის განმავლობაში გრძელდება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევათა ზრდა, დომინირებს გრიპის ვირუსი A (H1N1) pdm09.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირებულია ავადობის დაბალი სიხშირე.
აზია – დასავლეთ აზიაში (ისრაელი, იორდანია, ომანი) დაფიქსირდა ავადობის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეული გრიპის A (H1N1) pdm09 და B ვირუსებით.
ირანსა და პაკისტანში გრძელდება გრიპის A (H1N1) pdm09 ვირუსით გამოწვეული შემთხვევების ზრდა.
ბაჰრეინსა და კატარში შეიმჩნება ავადობის შემცირება.
ცენტრალური, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყნებში დაფიქსირებულია ავადობის დაბალი მაჩვენებელი.
http://ncdc.ge/Home/Article/4397