მე დავძლიე დეპრესია, შენ?

მკურნალობის პერიოდში ტემპერატურის აწევასთან ერთად პაციენტებს სხვადასხვაგვარი ფიზიკური ჩივილი აღენიშნებათ, მაგრამ თავადაც და მათ ახლობლებსაც პაციენტის მკურნალობისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა არანაკლებ აწუხებთ ხოლმე. მკურნალობის კურსს ხშირად დეპრესია ახლავს და მის დაძლევას ყველა ერთნაირად ვერ ახერხებს.

C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების უფასო ტრენინგებზე, რომელიც რამდენიმე თვეა დაიწყო და კვლავაც გრძელდება, პაციენტები და მათი თანმხლები პირები ამაზე ხშირად ლაპარაკობენ, იმასაც  გვიამბობენ, C ჰეპატიტთან ბრძოლის პარალელურად,  ვინ როგორ უმკლავდება დამთრგუნველ დაავადებას – დეპრესიას, რომელიც საკმაოდ სახიფათოა ადამიანისთვის.

ჩვენს ტრენინგგავლილ რამდენიმე პაციენტს დეპრესიის დაძლევის საკუთარი მეთოდი გამოუძებნია და ამაზეც ტრენინგზე გვიამბეს. ეგებ თქვენც – ჩვენთვის უცნობ პაციენტებსაც დაგეწყოთ მკურნალობის პერიოდში დეპრესია, ან ახლა დაიწყეთ მკურნალობა და უსიამოვნო შეგრძნებებიც გაგიჩნდათ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათი ამბავი თქვენც გაგიზიაროთ – ვინ იცის, როგორ დაგეხმაროთ ამ ადამიანების მონათხრობი!

პაციენტების თხოვნით სახელები და გვარები შეცვლილია.

 

ნანა ლაბაძე, პაციენტის მეუღლე:

– ჩემი მეუღლე 60 წლისაა და ზოგადად, ძალიან  მშვიდი ადამიანია, ჯანმრთელობასაც არასდროს შეუწუხებია და C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, როგორც ბევრმა, სრულიად შემთხვევით გაიგო 2014 წლის სექტემბერში. როდესაც პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევაზე წავიდა და ექიმებს ექოსკოპიით მისი ღვიძლი არ მოეწონათ, შესაბამისი ანალიზის აღება ურჩიეს. პოლიკნინიკაში მიღებული დადებითი პასუხი სამგან გადავამოწმეთ და ყველგან დადასტურდა. ბევრ საერთო ნივთს ვიყენებდით და ოჯახის წევრებიც შევშინდით, ამიტომ სასწრაფოდ ჩვენც გადავიმოწმეთ და, საბედნიეროდ, გადავრჩით. ამ პერიოდში გამოცხადდა  C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამის შესახებ და მართალია, მეუღლეს საკმაოდ რთული მდგომარეობა ჰქონდა, ლამის ციროზის დასაწყისი, მაინც მკურნალობის ახალი პრეპარატით დაწყებას დაველოდეთ.  ჩემი მეუღლეც ძალიან მობილიზებული იყო: აკრძალა მარილი და შაქარი, დიეტას იცავდა, სიგარეტსაც არ ეწეოდა, სასმელზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია! ჩვენმა ექიმმაც ურჩია, თუკი დიეტას დაიცავ და სწორად იცხოვრებ, ამ მდგომარეობას პროგრამის ამოქმედებამდე თავისუფლად შეინარჩუნებო. ასე მივედით მაისამდე და პირველივე ნაკადში – 34 პაციენტს შორის მოხვდა.

მკურნალობის პერიოდში ჩემი მეუღლე ხშირად იყო უგუნებოდ, ისეთ რაღაცაზე ბრაზდებოდა, რასაც ნამდვილად არ უნდა გაებრაზებინა, ნერვები არ უნდა აეშალა. ოჯახის წევრები კი ძალიან ვუწყობდით ხელს, არაფერზე ვეკამათებოდით, ყველაფერს ვუთმობდით, მაგრამ, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში მარტო იყო შინ – მე ვმუშაობ, ბავშვები სწავლობენ და ცხადია, ძალიან იწყენდა, იოლადაც ღიზიანდებოდა. სახლში მას მხოლოდ კატის კნუტი ჰყავდა გვერდით, ამიტომ უნებლიეთ სწორედ კნუტზე გადაჰქონდა ყურადღება და მასზე ზრუნვაში ატარებდა დღეს. ისედაც, ძალიან დადებით ენერგიას გამოჰყოფს ეს ცხოველი. ჩვენ ადრე ძაღლიც გვყავდა, მაგრამ კატა თუ ასეთი ენერგეტიკის მატარებელი იყო, ვერაფრით წარმოვიდგენდი.

– საგანგებოდ მიიყვანეთ შინ კატა?

– არა, ეს შემთხვევით მოხდა. საერთოდ, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ცხოველები. 10 წლის განმავლობაში გვყავდა ძაღლი და ძირითადად, მე ვუვლიდი, რადგან ბავშვებს მხოლოდ მოსაფერებლად უნდოდათ. ეს იოლი არ იყო. კატის შინ მოყვანაზე  კი არასდროს მიფიქრია, რადგან არ მიყვარდა, ბოროტ ცხოველად მიმაჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა გოგონამ კნუტი მოიყვანა. ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ჩემი მეუღლის ავადმყოფობის ამბავი ახალი გაგებული გვქონდა. კნუტი ძალიან პატარა და ლამაზი იყო, თანაც გაგვაოცა, ერთ დღეში რომ ისწავლა მისთვის განკუთვნილ ადგილას მოსაქმება. მერე ამიხსნეს, ძაღლისგან განსხვავებით, დიდ ზრუნვას არ საჭიროებს, შინ მარტოც რომ დატოვო მთელი დღით, საჭმელიც დაუტოვო, არც არაფერს დასვრის და მშვენივრად მიხედავს თავსო. ისეთი პატარა იყო, გასაგდებად შემეცოდა კიდეც და დავიტოვეთ. მალე მეუღლემ მკურნალობაც  დაიწყო. ფისო ისე შეეჩვია მას, რომ გვერდიდან არ შორდებოდა, განსაკუთრებითაც კი უყვარდა, რადგან ის უვლიდა. კიდეც ვიფიქრე, ალბათ ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ფისო-მეთქი. დამიჯერებთ, რომ ჩემი მეუღლის მკურნალობისას ლომის წილი სწორედ ამ პატარა არსებამ შეასრულა. როგორც უნდა გაღიზიანებულიყო, აშლოდა ნერვები, ფისოსთან იგი ყოველთვის მშვიდდებოდა.  მკურნალობიდან სამი თვე გავიდა და ანალიზები რომ გადავამოწმეთ, ვირუსი აღარ გვიჩვენა. მოსალოცად კი გვაქვს საქმე! 6 თვის შემდეგაც რომ გადავამოწმებთ და თუ კვლავ არაფერს გვიჩვენებს, გვითხრეს, საშიშროება აღარ იქნებაო. მთავარია, გაფრთხილდეს და თავიდან არსად შეეყაროს ვირუსი. საამისოდ კი აუცილებლად ვიზრუნებთ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ის ფისო დაგვეღუპა – მანქანამ გაიტანა, ამიტომ ახლა ახალი მოვიყვანეთ შინ. ღმერთს კი მადლობა იმისთვის, რომ სწორედ მაშინ გამოგვიგზავნა ეს საყვარელი ცხოველი მხსნელად, როდესაც ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად გვიჭირდა.

 

დავით ხურციძე, 35 წლის, პაციენტი:

– მე ელიმინაციის პროგრამის დაწყებამდე გაცილებით ადრე ვიმკურნალე ინტერფერონით. თავდაპირველად, მკურნალობის დასაწყისში  ჩემმა უღონობამ – სიარული მიჭირდა და სუნთქვა არ მყოფნიდა, პანიკაშიც კი ჩამაგდო. მაშინვე ექიმთან გავიქეცი და იქიდან მოყოლებული, ყველა უსიამოვნო შეგრძნებაზე საკონსულტაციოდ ან ვურეკავდი, ან ვხვდებოდი. ექიმთან ხშირმა კონტაქტმა და მისმა საუბარმა ძალიან მიშველა. ყოველთვის წინასწარ მიხსნიდა, კონკრეტულ ეტაპზე მკურნალობას რა შეიძლებოდა  გამოეწვია. იმხანად ჩემს ექიმს ამდენი პაციენტიც არ ჰყავდა, დღეს რომ ჰყავს. ახლახან გავუარე, ანალიზების გადამოწმება მინდოდა და გავგიჟდი, იმხელა რიგი ედგა. ადვილი შესაძლებელია, ერთ მისვლაზე ვერც მიგიღოს, ხანგრძლივ საუბარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაშინ კი წინასწარ მიხსნიდა, არ დაპანიკდე, თმა თუ გაგცვივდა, ტემპერატურამ თუ აგიწია, სახსრებმა თუ ტკივილი დაგიწყოო. მეც მობილიზებული ვიყავი. შინ თუ ვრჩებოდი, ხან ბავშვებთან ვთამაშობდი, ხან ტელევიზორს ვუყურებდი, ხან ინტერნეტით ვირთობდი თავს და ამით გადამქონდა ყურადღება.

– მკურნალობის პარალელურად მუშაობას ახერხებდით?

– დიახ. მაგალითად, პარასკევს წამალს რომ გავიკეთებდი, შაბათ-კვირას შინ ვრჩებოდი, რადგან ტემპერატურა მიწევდა. ამას რომ გადავლახავდი, ორშაბათიდან კვლავ მივდიოდი სამუშაოდ. შემეძლო თუ არ შემეძლო, მაინც არ ვეპუებოდი და სულ ვმოძრაობდი. ეს ძალიან მეშველებოდა, თორემ ბევრზე მსმენია, დეპრესია რა დღეში აგდებდა. თუ ფიზიკურად სუსტი ხარ, საკუთარ თავს თვითონ უნდა შეუძახო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ტკივილგამაყუჩებელს ხომ არ სვამ, ტკივილმა უცებ რომ გაგიაროს? ხუმრობა კი არ არის, ამოდენა რამეს რომ მკურნალობ? რაღაც გაგირთულდება, აბა, რა! ამიტომ წინასწარ უნდა შეემზადო საბრძოლველად.

მაგალითად, ჩემს მეგობარსაც აღმოაჩნდა C ჰეპატიტი და ახლა დაიწყო მკურნალობა. მიუხედავად სისუსტისა, წამლებს მიიღებს თუ არა, ყოველ შაბათ-კვირას სოფელში გარბის სამუშაოდ. ერთი წამით არ ჩერდება. ჩემი მაგალითიც აქვს, წინასწარ ავუხსენი ყველაფერი. დალხინებულად არ უცხოვრია, უცხოეთში დაჭერილიც კი იყო 5 წლის განმავლობაში, ამიტომ ვშიშობდი, მკურნალობისას არ გაჭირვებოდა სულიერად.. ამას წინათ ვკითხე, დეპრესია ხომ არ დაგეწყო-მეთქი და, – დეპრესიისთვის სად მცალიაო – მიპასუხა. არადა, ერთი ახლობელი მყავს, ასე, 50 წლამდეა და მკურნალობამ სრულ პანიკაში ჩააგდო. ვეუბნები, ყველაფერი გაივლის, კარგად იქნება, ხომ ხედავ, მე ვიმკურნალე და არაფერი დამმართნია, პირიქით -ვირუსიც კი აღარ მაქვს-მეთქი. მაინც უჭირს გამკლავება. რადგანაც თვითონ გამოვცადე ყველაფერი, თამამად იმიტომ ვამბობ – ნერვებს არაფრით უნდა აჰყვე ადამიანი, ვაჟკაცურად უნდა იყო და მხნედ, ღმერთიც დაგეხმარება და ყველაფერს დაძლევ. პანიკით და დეპრესიით კი საკუთარ თავსაც დააზარალებ და შენს ახლობლებსაც! ხომ ხედავთ, მე თვითონვე დავძლიე დეპრესია, ჩემმა მეგობარმაც, ამიტომ ამას თქვენც შეძლებთ, მთავარია, არ შეეპუოთ და აქტიურად იცხოვროთ.

წყარო : http://hepatiti.ge/2015/11/17/მე-დავძლიე-დეპრესია-შენ/