რატომ არ უნდა დავმალოთ, თუკი C ჰეპატიტი აღმოგვაჩნდა.

საშობაოდ ახალციხეში გახლდით და შემთხვევით შევიტყვე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ამ ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩართულა. რა სახით ეხმარება ის მოსახლეობას, არსებობს თუ არა  C-ვირუსიანი პაციენტების სტატისტიკა, რამდენმა პაციენტმა მიმართა დახმარებისთვის და  არიდებენ თუ არა პაციენტები თავს თავისი დაავადების შესახებ ინფორმაციის გახმაურებას? – გვესაუბრება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი იამზე მღებრიშვილი:

– გადავწყვიტეთ, ჩვენც შეგვეტანა  წვლილი ამ დაავადების დამარცხებაში. ინიციატივა ქალაქის მერ გიორგი კოპაძისგან წამოვიდა და ჩვენც ავიტაცეთ. ახალციხეში უფასო სკრინინგი ჩატარდა  და მერიის თანამშრომლებმაც ჩავიტარეთ პირველადი გამოკვლევა.ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი პაციენტი გვყავს ქალაქში, რადგან ჩვენს განყოფილებას ზუსტი მონაცემი არ აქვს. ზოგადად, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თვითონ პაციენტები კი მალავენ და მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთჯერადი სკრინინგი ძალიან ბევრმა ჩაიტარა. სამწუხაროდ, არცთუ ცოტას აღმოაჩნდა C ჰეპატიტი. არ ვიცი, დასაფინანსებლად ყველამ რატომ არ მოგვმართა, უფასო მკურნალობას კი თბილისში გაივლიან, რადგან ჯერჯერობით სპეციალური ცენტრი ჩვენთან არ გაუხსნიათ.

– გამოკვლევების 30%-ს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, თქვენ რამდენი პროცენტით უნაზღაურებთ დანარჩენ თანხას?

– პროცენტულად არ ჩავრთულვართ პროექტში, მოჭრილი თანხით – 500-ლარიანი პაკეტით ვეხმარებით. ეს რაოდენობა წინასწარ გამოვთვალეთ, იმის მიხედვით, თბილისის კლინიკებში თითო პაციენტს მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში, საშუალოდ, რა უჯდებოდა კვლევები. ახალციხის მერიის ვებ-გვერდზეც გამოვაქვეყნეთ და ადგილობრივი ტელევიზიითაც ცხადდება ინფორმაცია ამ პაკეტის შესახებ. ეს პროგრამა 2015 წლის ბოლოს დავამუშავეთ, 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდა და 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მხოლოდ ქალაქს ვემსახურებით და ჯერჯერობით 8 პაციენტმა მოგვაკითხა. ახალციხე პატარა ქალაქია და საახალწლო უქმეებსაც თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, დასაწყისისთვის ცოტა არაა. თუ პაციენტთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა, შეიძლება პაკეტიც გადაიხედოს და დახმარებაც გაუმჯობესდეს.

– შეგიძლიათ დამაკავშიროთ იმ C-ჰეპატიტიან ადამიანებთან, ვინც თქვენ მოგმართათ?

– მათი ვინაობა კონფიდენციალურია და ვერ გაგიმხელთ, მით უფრო, რომ თავად ერიდებიან გახმაურებას.

– თუ გაესაუბრეთ, როგორ შეატყვეთ, აქვთ მათ C ჰეპატიტზე ინფორმაცია და იციან, მკურნალობამდე ან მკურნალობის პარალელურად, როგორ უნდა მართონ ეს დაავადება?

– ამაზე საუბარი არც მათ სურთ და არც მე ვარ კომპეტენტური, მსგავსი კითხვები დავუსვა. მათ შემოტანილ დოკუმენტაციას კი სამუშაო ჯგუფი და მოწვეული ექიმი ამოწმებს და ისინი წყვეტენ, ვინ როგორ და როდის დაფინანსდეს.

 

ახალციხეში ერთ პაციენტს მაინც მივაკვლიე და არც გასაუბრებაზე უთქვამს უარი.

მამუკა მ.:

– C  ვირუსი რომ მქონდა, 6-7 წლის წინ შემთხვევით შევიტყვე – სხვა ჩივილით მივაკითხე ექიმს და გამოკვლევებმა ბოლოს C ჰეპატიტამდე მიმიყვანა – F2-F3 სტადია დამიდგინეს. მაშინ ინტერფერონით არ ვიმკურნალე, რადგან შევიტყვე, რომ ახალი, გაცილებით ეფექტიანი პრეპარატები უნდა გამოეცადათ და ბაზარზეც შემოეტანათ. საბედნიეროდ, ექიმისგან ვიცოდი, რომ არც  საგანგაშო მდგომარეობა მქონდა, ამიტომ დაცდა ვამჯობინე. იმ ხნის განმავლობაში, ღვიძლი რომ არ გადამეტვირთა, ექიმის რეკომენდაციით, ალკოჰოლს საერთოდ აღარ ვიღებდი – 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ჭიქა ღვინო თუ მექნება დალეული, თამბაქოს ისედაც არ ვეწეოდი – გაცილებით ადრე დავანებე თავი და დიეტას ვიცავდი, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ცხოვრებამ გადამღალა, ყურადღებაც მოვადუნე, მერე წონაშიც მოვიმატე და აღმოჩნდა, რომ ფიბროზმა პროგრესი მაინც განიცადა. ელიმინაციის პროგრამით მკურნალობა რომ დავიწყე, უკვე F3-F4 სტადია მქონდა.

– იმ პერიოდში რა იცოდით C ვირუსის შესახებ?

– რაღაცებს ვსწავლობდი თუნდაც იმიტომ, რომ დაავადებას პროგრესი არ განეცადა და იმიტომაც, რომ სხვა არ დამევირუსებინა. ვიცოდი, ვირუსი სისხლით ვრცელდებოდა და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, ოჯახის წევრებს და ახლობლებს არ გადასდებოდათ. სტომატოლოგთან მივდიოდი თუ სადალაქოში, ყოველთვის ვაფრთხილებდი,  C ჰეპატიტი მაქვს და ჩემს შემდეგ ინსტრუმენტებს კარგი სტერილიზაცია გაუკეთეთ-მეთქი. ოჯახშიც ძალიან ვფრთხილობდი, პატარა შვილები მყავს და მეშინოდა, მათთვის არ გადამედო.

– ოჯახის წევრებმა გაიკეთეს C ვირუსზე ანალიზი?

– მეუღლე ფეხმძიმედ არის და C და B ჰეპატიტებზე გაკეთებული აქვს ანალიზი, ბავშვები კი ძალიან პატარები არიან და მეცოდებიან, ვენიდან სისხლი რომ აუღონ. ოდნავ წამოიზრდებიან თუ არა, აუცილებლად გავუკეთებ. ექიმთან ამ თემაზე მაინც გავიარე კონსულტაცია და მითხრა: ჰიგიენას იცავ და ნაკლებ სავარაუდოა, გადასდებოდათ, თანაც, ბავშვებისთვის დღესდღეობით მკურნალობის სქემა მაინც არ გვაქვსო. მე კი ახლახან დავასრულე მკურნალობა ახალი მედიკამენტით – სოფოსბუვირით და ვირუსი აღარ მიჩვენა. მითხრეს, რომ მერე კიდევ უნდა გადავიმოწმო. იმედია, საბოლოოდ დავამარცხე  C ჰეპატიტი.

– გავიკითხე თქვენს ქალაქში და როგორც მითხრეს, ადამიანები საგულდაგულოდ მალავენ, C ჰეპატიტი რომ აქვთ. თქვენი აზრით, რატომ – მათ ხომ სასირცხვილო არაფერი ჩაუდენიათ? არადა, ასეთი გასაიდუმლოებით გაცილებით გართულდება ამ დაავადების აღმოფხვრა და ჯანმრთელი ადამიანების დაცვა ვირუსისაგან.

–  დამალვის არსს ვერ ვხედავ. ლაპარაკით ხომ არ გადადის, ადამიანებმა ვირუსიანს თავი რომ აგარიდონ? საღად ვინც აზროვნებს, ის არ დამალავს. პირიქით, სხვასაც ურჩევს ანალიზის აღებას და იმასაც აუხსნის, რატომ უნდა გაარკვიოს, აქვს თუ არა ვირუსი. უარესი ვირუსით დაავადებულ ადამიანებს არ მოვრიდებივარ და C ვირუსი რაღაა, ვინმეს თავი რომ აარიდო?! თორემ, მე დამიმალავს თუ არა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ასეთი არაჩვეულებრივი პროგრამა ხორციელდება და ყველას ვირუსს ეშველება. მთავარია, იმან საკუთარ თავს არ დაუმალოს და იმკურნალოს. პრობლემა, სამწუხაროდ, ჩვენს კავკასიურ ბუნებაშია – უფასო კვლევაა, მკურნალობაა და მაინც არ იმოწმებს, იცით, რატომ?  ფიქრობს: მე რატომ უნდა მჭირდეს? ასე რომ მეუბნებიან, ვპასუხობ: არც ნარკომანი ვყოფილვარ, არც ლოთი, ნორმალურად ვცხოვრობდი და მაშინ მეც არ უნდა აღმომჩენოდა-მეთქი. რამდენს ვუხსნი: ფული ხომ არ გეხარჯება, წადი, ანალიზი გაიკეთე, რომ დამშვიდდე, მაგრამ თუ მაინც აღმოგაჩნდა, მშვენიერი პროგრამაა და მაგასაც ეშველება. ბევრმა გაიგო, მაგრამ ბევრს არ ესმის. თქვენი უფასო საინფორმაციო ტრენინგები ძალიან დაეხმარება ამ ადამიანებს. თუნდაც მათ, ვინც კითხულობს, რატომ უნდა გავიკეთო ანალიზიო? თქვენც რომ აუხსნით და იქ მყოფი ადამიანებიც თავისას რომ მოყვებიან, ეგებ დაძლიოს ეს უცნაური ახირება და ჩაიტაროს სკრინინგი. აბა, სხვაგვარად როგორ ფიქრობს ეს ხალხი C ჰეპატიტის დამარცხებას და აღმოფხვრას?!

წყარო : http://hepatiti.ge/2016/01/13/რატომ-არ-უნდა-დავმალოთ-თუ/