ინფორმაცია პაციენტებისთვის

მთავარი / ინფორმაცია პაციენტებისთვის

ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ

C ჰეპატიტი სისხლის გზით გადამდები (სისხლ-კონტაქტური) ვირუსია, რომლითაც ძირითადად ინფიცირდება ღვიძლის უჯრედები. მას შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ანთება და მისი მნიშვნელოვანი დაზიანება. ამას კი შედეგად მოჰყვება ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტი ყოველთვის ღვიძლის დაავადებად ითვლებოდა („ჰეპატიტი“ ნიშნავს ღვიძლის ანთებას), ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ C ვირუსი ადამიანის სხვა ორგანოებზეც მოქმედებს. C ჰეპატიტის ღვიძლგარეშე გამოვლინებები მოიცავს: საჭმლის მომნელებელი, ლიმფური და იმუნური სისტემების ფუნქციის დარღვევას, ასევე, თავის ტვინის დაზიანებას.

C ჰეპატიტის ვირუსი 1980 წელს აღმოჩინეს. ცხადი გახდა, რომ ეს იყო ახალი ვირუსი (ჰეპატიტების A ან B ვირუსებისაგან განსხვავებული), რომელიც იწვევდა ღვიძლის დაზიანებას. 1989 წლამდე, სანამ ამ ვირუსის სრულყოფილი შესწავლა მოხდებოდა, დაავადებას “არა A ან B ჰეპატიტს” უწოდებდნენ. C ჰეპატიტის ვირუსის დეტექცია (აღმოჩენა) და პაციენტთა სკრინინგული კვლევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1991 წლიდან, ამიტომ, C ჰეპატიტთან, როგორც შედარებით ახალ დაავადებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არაა.

მთელ მსოფლიოში C ვირუსით 130-დან 170 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. C ჰეპატიტის გამომწვევი რნმ-ის შემცველი ვირუსია (მისი გენეტიკური მასალა წარმოდგენილია რიბონუკლეინის მჟავით). ასეთი ვირუსები, დნმ ვირუსებისაგან განსხვავებით, მაღალი მუტაგენობით (სახეცვლილების უნარით) ხასიათდებიან. ამის გამო გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე.

C ჰეპატიტის ვირუსის 7 ძირითადი ტიპი არსებობს. ისინი „გენოტიპების“ სახელით არის ცნობილი. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა გენოტიპია გავრცელებული. შეუძლებელია ერთი გენოტიპი მეორეთი შეიცვალოს. იშვიათად, თუმცა მაინც, გვხვდებიან პაციენტები, რომლებიც ერთდროულად ერთზე მეტი გენოტიპით არიან ინფიცირებული.

HCV ინფექციის მიმდინარეობაში არჩევენ ორ სტადიას. ორგანიზმის ინფიცირების შემდეგ იწყება C ჰეპატიტის პირველი სტადია – ინფექციის მწვავე ფაზა. მეორე სტადია ქრონიკული ინფექციაა. ინფექციის მწვავე სტადია ვირუსით ინფიცირებიდან პირველი 6 თვე გრძელდება, ხშირად იგი უსიმპტომოდ (კლინიკური ნიშნების გამომჟღავნების გარეშე) მიმდინარეობს. C ვირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 20%-ში ორგანიზმი თავად ახერხებს ვირუსისაგან განთავისუფლებას, დანარჩენ 80%-ში ვირუსი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ორგანიზმში – ვითარდება ქრონიკული ინფექცია.

ქრონიკული C ჰეპატიტის მიმდინარეობა სხვადასხვა პაციენტში სრულიად განსხვავებული და არაპროგნოზირებადია. ინფიცირებულთა ნაწილში ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელო კლინიკური ნიშნებია გამოხატული, სხვა შემთხვევებში დაავადების სიმპტომები დასაწყისიდანვე იჩენს თავს. რიგ შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის ფიბროზი და ციროზი (ღვიძლში ნაწიბურების განვითარება), ღვიძლის კიბო ანუ ღვიძლის დაავადების ბოლო სტადია. ზოგ პაციენტს ინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგაც კი ღვიძლის უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება. როცა ინფექცია უსიმპტომოდ ვითარდება, გარკვეული დროის განმავლობაში პაციენტი ვერც ხვდება, რომ C ვირუსითაა ინფიცირებული.

კიდევ ერთი იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა წლების განმავლობაში C ჰეპატიტის დიაგნოზის დადგენა, არის ის, რომ მისი სიმპტომები ხშირად სხვა დაავადებებს მიეწერება. მაგალითად: დეპრესია, დაღლილობა, კანის დაზიანება, უძილობა, ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომლიც შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო C ჰეპატიტს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ჩუმ, შემპარავ ეპიდემიას”.

ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება მნიშვნელოვანი წარმატებები ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტურ თერაპიაში. მე-2 და მე-3 გენოტიპებით ინფიცირებულებში მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი გაიზარდა 80%-მდე, სხვა გენოტიპების შემთხვევაში კი – 50%-მდე. ამასთან, მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი, ასევე, არაა შესაძლებელი ის დაენიშნოს ყველა პაციენტს.

C ჰეპატიტის ვირუსი

სხვა ვირუსებთან შედარებით С ჰეპატიტის ვირუსი (HCV) მცირე ზომისაა, რის გამოც ბოლო დრომდე გართულდა მისი საფუძვლიანი შესწავლა. C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება უმთავრესად ხდება სისხლის სისხლთან უშუალო კონტაქტის გზით. ვირუსი გამოირჩევა მაღალი ინფექციურობით და დაავადების გავრცელება სისხლის უმცირესი წვეთის მეშვეობით ხდება. გარემო პირობებზე დამოკიდებულებით (მაგ. ოთახის ტემპერატურა), ვირუსი ინარჩუნებს ინფექციურობას დაახლოებით 16 საათის განმავლობაში, საგნების ზედაპირზე – 4 დღემდე, შპრიცის შიგნით კი ძლებს 63 დღეც.

C ვირუსი ძალზე არასტაბილურია და ხასიათდება გამორჩეულად მაღალი მუტაგენობის (სახეცვლილების) უნარით. ამის გამო, იმ სამედიცინო აპარატურასა და ინსტრუმენტებს (მაგ. ტატუს იარაღს), რომლებიც სისტემატიურად მოდიან სისხლთან კონტაქტში, ყოველი მოხმარების შემდეგ გულდასმით უნდა ჩაუტარდეს სტერილიზაცია.

ითვლება, რომ C ჰეპატიტს ნელი ინფექციის მსგავსი – ხანგრძლივი, დუნე, მაგრამ პროგრესირებადი განვითარება ახასიათებს, დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლინება დაგვიანებით ხდება და ქრონიკულ ინფექციის განვითარებას ხანგრძლივი დრო სჭირდება. რადგან ვირუსი მაღალი მუტაგენობით გამოირჩევა, მისგან უამრავი ასლი (კოპიო) წარმოიქმნება, რომლებიც სწრაფადვე იღუპება. ზოგი ვირუსული ნაწილაკი იმუნური სისტემის მეშვეობითაც ნეიტრალდება. ამასთან, ამ პროცესს ყოველთვის წინ უსწრებს ვირუსის მაღალი რეპლიკაციური აქტივობა. ამის გამო ინფექცია დუნედ, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში პროგრესირებს.

C ვირუსი ჰეპატიტების A და B ვირუსების მსგავსად ღვიძლის დაავადებას იწვევს, თუმცა თავად ვირუსებს შორის მსგავსება უმნიშვნელოა. C ვირუსი ფლავივირუსების ოჯახს მიეკუთვნება, რომელშიც შედიან: დენგესა და ყვითელი ცხელებების, ასევე იაპონური და ტკიპისმიერი ენცეფალიტების გამომწვევები.

ფლავივირუსების ოჯახში შემავალი ვირუსების მსგავსად, С ვირუსი რნმ-ის შემცველი ვირუსია. რნმ-ისა და დნმ-ის შემცველი ვირუსები ერთმანეთისგან გენეტიკური ინფორმაციის კოდირების (განახლების) გზის მიხედვით განსხვავდებიან. რნმ-ის შემცველი ვირუსები, დნმ-ის შემცველ ვირუსებთან შედარებით ნაკლებად სტაბილურნი არიან, უფრო მეტად განიცდიან მუტაციას. მეცნიერთა აზრით, რნმ-ის შემცველი ვირუსის მიერ შექმნილ ასლებში აღმოჩენილი განსხვავებები წინასწარ არის განსაზღვრული, რათა გაიზარდოს მათი გენეტიკური ვარიაციები და ამ გზით გაიზარდოს მათი გადარჩენის უნარი. პრობლემის გადაჭრის ამგვარი მეთოდი ცნობილია „გენომური ინტელექტის” სახელით.

მუტაციის უნიკალური უნარი ართულებს რნმ ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინებისა და სამკურნალო პრეპარატების შექმნას. ვაქცინის ან ახალი პრეპარატის მიღებისთანავე რნმ ვირუსი დაუყოვნებლივ იწყებს გადარჩენისთვის საჭირო გზების ძიებას. უახლესი მონაცემებით, იმ პაციენტებში, ვინც უპასუხა ინტერფერონითა და რიბავირინით მკურნალობას, C ვირუსის მუტაცია მნიშვნელოვნადაა აჩქარებული.

HCV-ის გენოტიპები

ვირუსის მუტაციის უნარის შედეგი HV-ის 11 გენეტიკური ვარიაციის არსებობაა, მათ „გენოტიპები“ ეწოდება. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უმეტესად განსხვავებულ გენოტიპებს ვხვდებით.

გენოტიპი 1, 2 და 3 მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ყველაზე გავრცელებული გენოტიპებია 1ა და 1ბ, რომლებიც გლობალური ინფექციის 60%-ს შეადგენს. ისინი დომინირებენ ჩრდილოეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და იაპონიაში. გენოტიპი 2 გენოტიპ 1-თან შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული. გენოტიპი 3 ენდემურია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შუა აღმოსავლეთში, ეგვიპტესა და ცენტრალურ აფრიკაში გავრცელებულია გენოტიპი 4. გენოტიპი 5 ექსკლუზიურად აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკაში. გენოტიპები 6-დან 11-მდე გვხვდება აზიაში.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, დამოკიდებულია თუ არა ვირუსის ტიპზე დაავადების პროგრესირება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასეა, ამას მაინც არა აქვს დიდი მნიშვნელობა. HCV-ის გენოტიპი გავლენას ახდენს მკურნალობის ეფექტურობაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აპირებთ მკურნალობის ჩატარებას, აუცილებელია იცოდეთ, C ვირუსის რომელი გენოტიპით და ქვეტიპით ხართ ინფიცირებული.

თითოეული გენოტიპი შედგება მცირე ვარიანტებისაგან, რომლებიც „ქვეტიპების“ სახელით არის ცნობილი. მათი ნუმერაცია ხდება ანბანური თანმიმდევრობით, მათი აღმოჩენის რიგითობის მიხედვით – A, B, C, D, E, F, G, H. ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულის სისხლში არსებული ვირუსების პოპულაციაში დიდი რაოდენობითაა ერთმანეთისაგან უმნიშვნელოდ განსხვავებული მცირე გენეტიკური ვარიაციები ე.წ. “კვაზი შტამები”, რომლებიც იმუნური სისტემისთვის კიდევ უფრო რთულ პრობლემას წარმოადგენენ.

რისკის გაცნობიერება

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა წარმოქმნის რისკს და რამდენად მიეკუთვნება პიროვნება მაღალი რისკის ჯგუფს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთელი რიგი ფაქტორებია საჭიროა ინფექციის განვითარებისათვის.

• ვირუსმა უნდა შეძლოს ორგანიზმში შეღწევა;

• ვირუსების რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი;

• უნდა იყოს გარკვეული სახის ვირუსი.

სისხლი არ არის ერთადერთი ბიოლოგიური სითხე, რითიც C ვირუსით ინფიცირებაა შესაძლებელი, თუმცა სწორედ მასშია ვირუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია. შესაბამისად, სისხლის უმნიშვნელო რაოდენობაშიც კი შესაძლებელია აღმოჩნდეს ინფექციის გამოსაწვევად საკმარისი ვირუსის რაოდენობა. გარდა ამისა, C ვირუსი ინფექციურობას ინარჩუნებს გარემოში, მაგალითად, გამშრალი სისხლის წვეთში ოთახის ტემპერატურაზე ძლებს სულ ცოტა 16 სთ-ის განმავლობაში და არა უმეტეს 4 დღისა.

შედარებით შეზღუდულ გარემოში, მაგალითად შპრიცის შიგნით, მისი გადარჩენა კიდევ უფრო დიდი ხნითაა შესაძლებელი. ინფექციის გადადებისათვის აუცილებელია ვირუსმა მოახერხოს ადამიანის ორგანიზმში შეღწევა. ინფიცირების რისკი მაღალია იმ შემთხვევაში, როცა ვირუსი სისხლის ნაკადში ნემსის ჩხვლეტის ან სისხლის გადასხმის შედეგად ხვდება.

სამივე ამ ფაქტორის გათვალისწინება ქმნის ინფიცირების რისკის შემცირების საფუძველს. გარდა ამისა, მათი გათვალისწინება გამოდგება იმ შემთხვევებშიც, როცა დგინდება, თუ რამდენად ხშირად იყო პიროვნება ვირუსით ინფიცირების საშიშროების წინაშე. ინფიცირებული ნემსის ერთჯერადი გამოყენებაც კი საკმარისია ვირუსის გადადებისთვის, მაშინ როცა ერთჯერადად დაუცველი სქესობრივი კავშირით ინფიცირების შანსი დაბალია.

იმის გამო, რომ C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შორის, ეს დაავადება სტიგმატიზებულია, როგორც “ნარკომანთა” დაავადება. სინამდვილეში კი არსებობს უამრავი გზა, რითაც შესაძლებელია ადამიანი აღმოჩნდეს ინფიცირების რისკის ქვეშ. გარდა ამისა, ინფიცირებულთა ნაწილს არა აქვს ინფორმაცია რისკ-ფაქტორების შესახებ.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ, თუ რამდენად შესაძლებელია აღმოჩნდეთ C ჰეპატიტით ინფიცირების რისკის ქვეშ, საჭიროა გაიხსენოთ შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ვირუსის გადაცემის ზემოთ ჩამოთვლილ საშიშროებებს და რამდენად ხშირად იდექით მსგავსი ფაქტების წინაშე. ვირუსის გადაცემის ზოგი გზის მაღალი ან დაბალი რისკის ფაქტორად შეფასება ადვილია, თუმცა, კონკრეტული შემთხვევების გაანალიზება სულაც არ არის მარტივი, რადგან დაავადების განვითარება დაკავშირებულია უამრავ ფაქტორთან. მაგალითად, სტილისტის მაკრატლით ვირუსით ინფიცირების რისკი დამოკიდებულია იმაზე, ხდება თუ არა გამოყენებული ინსტრუმენტის სტერილიზაცია, როგორ ხდება, რამდენად ხშირად იწმინდება და სხვა.

ქრონიკული C ჰეპატიტის სიმპტომები

C ჰეპატიტი ასოცირდება ღვიძლის დაავადებათა ფართო სპექტრთან – უმნიშვნელო ანთებიდან დაწყებული და დამთავრებული ღვიძლის ციროზით. ღვიძლის დაზიანების გარდა C ვირუსი სხვა მრავალ სიმპტომსაც იწვევს. ქრონიკულ დაავადებულთა ნაწილი თავს კარგად გრძნობს და ჩივილები არა აქვს. სხვა ინფიცირებულებს კი ინფექციასთან დაკავშირებული მძიმე კლინიკური სიმპტომები აღენიშნებათ.

ქრონიკული C ჰეპატიტით პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ამ სიმპტომს „ტვინის დანისვლას“ უწოდებენ. იგი მოიცავს: კონცენტრაციის გაღარიბებას, მეხსიერების გაუარესებას და კომპლექსური გონებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას. მდგომარეობას აუმჯობესებს წარმატებული კომპლექსური ანტივირუსული თერაპია. მკურნალობაზე დადებითი შედეგის შემთხვევაში პაციენტებს ეხსნებათ კონცენტრაციასა და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.

კიდევ ერთი გავრცელებული ჩივილი ქრონიკული დაღლილობაა. ამ სიმპტომის სიმძიმე ინდივიდუალურია. ზოგი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში მუშაობს და მხოლოდ საღამოს გრძნობს დაღლილობას, ინფიცირებულთა ნაწილს კი საერთოდ არ შეუძლია მუშაობა და დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. თუმცა, ვერც ძილი ხსნის დაღლილობის პრობლემას. ბევრი ადამიანი იღვიძებს შეგრძნებით, თითქოს არც კი დაუძინია.

პაციენტების დიდ ნაწილს აქვს სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი და კანის ქავილი. უმრავლესობაში ტკივილი მძაფრია (მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში), რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ძალზედ საგანგაშოც გახდეს. თუმცა, ამგვარი ტკივილი აუცილებელად არ ნიშნავს ღვიძლის მძიმე დაზიანებას.

HCV ინფექციის მსუბუქი ფორმით დაავადებულთა ნაწილს მსგავსი სიმპტომები აქვს. ასეთი ტკივილები ხშირად კვლავ რჩება გარკვეული დროის განმავლობაში თერაპიის კურსის წარმატებულად ჩატარების შემდეგაც კი. ზოგჯერ, მუცლის ზედა არეში არსებული ტკივილი მთელ მუცელს მოიცავს და შესაძლოა გადაიზარდოს გენერალიზებულ მუცლის ტკივილში, რაც იწვევს სერიოზულ დისკომფორტს. ქრონიკული HCV ვირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობას აწუხებს სახსრების ტკივილი. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახსრის ტკივილი, თუმცა ყველაზე გავრცელებული მაინც ზედა კიდურებისა და მაჯების სახსრების ტკივილია. სახსრების ტკივილი ხშირად უმნიშვნელოა, თუმცა ზოგჯერ საკმარისად მძაფრია. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

იმის დაშვება, რომ ყველა ჩივილი, რომელიც C ჰეპატიტით ინფიცირებულს აქვს – მხოლოდ ვირუსის მოქმედებასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა ძალზე სახიფათო აღმოჩნდეს. ინფიცირებულთა უმრავლესობას შესაძლებელია განუვითარდეს სიმპტომი, რომელიც სრულიად არ იყოს დაკავშირებული C ჰეპატიტთან. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რომელიც ასევე იწვევს დაღლილობას, საკმაოდ გავრცელებულია ქრონიკული HCV ვირუსით ინფიცირებულთა შორის. ასევე არსებობს მუცლის ტკივილის გამომწვევი სხვა უამრავი მიზეზი. მსგავსად სხვა ადამიანებისა, შესაძლოა მათაც განუვითარდეთ კუჭის წყლული, ან ნაღვლის ბუშტში გაუჩნდეთ კენჭები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიმპტომი საფუძვლიანად იქნას გამოკვლეული, რათა გამოირიცხოს სხვა დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების არსებობა. პაციენტმა უნდა აცნობოს მისი ჩივილების შესახებ ექიმს, რომელიც ჩაატარებს ყველა საჭირო კვლევას.

დაავადების სტადიების მიმოხილვა

ინფიცირებისთანავე იწყება ე.წ „მწვავე ფაზა“, რომელიც დაახლოებით 6 თვე გრძელდება. თუ ამ ხნის განმავლობაში იმუნური სისტემა ვერ გაუმკლავდა ვირუსს, დაავადება სავარაუდოდ გრძელვადიან, „ქრონიკულ ფაზაში“ გადაიზრდება. HCV ღვიძლის დაავადებათა რიგს განეკუთვნება. ამას გარდა, HCV აზიანებს ორგანიზმის სხვა სისტემებსაც, იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, დაავადებებს და გართულებებს, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ღვიძლთან. ბოლო დრომდე ეს სიმპტომები არ განიხილებოდა HCV-ან მიმართებაში ანუ სამედიცინო თვალსაზრისით მათ ნაკლებად ექცეოდა ყურადღება და შესაბამისად, ისინი ბოლომდე არ არის შესწავლილი.

C ჰეპატიტის მოქმედება ღვიძლზე ფასდება ღვიძლის სტრუქტურის ცვლილებით და მასში შემაერთებელი ქსოვილის (ფიბროზის ანუ ნაწიბურის და ციროზის) განვითარებით. პროცესის პროგრესირება იწყება ღვიძლში ანთების განვითარებით, რასაც იწვევს უჯრედებში ვირუსის შეღწევა. ღვიძლის უჯრედების ინფიცირებასა და მათ ანთებას შედეგად მოჰყვება: უჯრედების ადგილი შემაერთებელი ქსოვილით (ფიბროზით) ჩანაცვლდება, მოგვიანებით ფიბროზი მოიცავს მთელ ღვიძლს, ღვიძლის ქსოვილი იჭმუხნება და მკვრივდება, ვითარდება ღვიძლის ციროზი. მთელ ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს იმუნურ სისტემა. ის ერთი მხრივ ცდილობს დაავადების შეჩერებას, მეორე მხრივ აჩქარებს ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის (ნაწიბურის) განვითარების პროცესს.

ციროზის შედეგად გაჩენილი ნაწიბურით მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ღვიძლის სტრუქტურა. ამის გამო, დროთა განმავლობაში სერიოზულად ირღვევა ღვიძლის ფუნქცია. არსებობს ციროზის „კომპენსირებული“ და „დეკომპენსირებული“ სტადიები. თუ ღვიძლში ნაწიბურების განვითარების მიუხედავად ჯერ კიდევ არაა დაკარგული ფუნქციების უმეტესი ნაწილის შესრულების უნარი – ეს არის „კომპენსირებული ციროზი“ (რაც გულისხმობს იმას, რომ ღვიძლს შერჩენილი აქვს უნარი – მოახდინოს ზიანის კომპენსირება). ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში ციროზი „დეკომპენსირებულია“. დაავადების ამ სტადიის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომებია:

• პორტული ჰიპერტენზია – როცა სისხლის შესვლა ღვიძლში გაძნელებულია და პორტულ ვენაში წნევა იმატებს.

• ვარიკოზული სისხლდენა – როდესაც პორტული ჰიპერტენზით იცვლება სისხლის ნაკადის მიმართულება, ვენების არასკმარისი გამტარობას გამო ვითარდება საყლაპავი ვენების გაგანიერება (საყლაპავსა და კუჭს შორის). ამ ვენების დაზიანების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში შინაგანი სისხლდენა.

• შეშუპება – როცა ღვიძლი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ალბუმინს, ირღვევა ორგანიზმში სითხის რეგულაცია. ამის შედეგად მუცლის ღრუში გროვდება სითხე, რასაც „ასციტი“ ეწოდება.

• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია – როდესაც ღვიძლი კარგავს ტოქსინებისა და მავნე შენაერთების განეიტრალების უნარს. ტოქსიკური პროდუქტები იწვევენ ტვინის ქსოვილის დაზიანებას, გონების დაბინდვასა და კომას.

ციროზი ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს, რაც შესაძლებელია ორივე, კომპენსირებული და დეკომპენსირებული ციროზის სტადიაზე.

სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ ქრონიკული HCV ინფექცია ერთმნიშვნელოვნად იწვევს ღვიძლის ციროზის განვითარებას. დუნედ მიმდინარე ქრონიკული ინფექციით პაციენტების [ინფიცირებულთა 70-80%] 20-30%-ს ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ ღვიძლის ციროზი უნვითარდება. ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი შედარებით უფრო სწრაფად ვითარდება, ზოგ შემთხვევაში კი ციროზის განვითარებას შესაძლოა 50-60 წელი დასჭირდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი პაციენტი მთელ ცხოვრებას ღვიძლის მძიმე დაზიანების გარეშე გაივლის.

C ვირუსით ინფიცირებულის ცხოვრება დამქანცველია და ადამიანს ხშირად რთულ სიტუაციებს უქმნის. ეს არის დაავადება, რომელიც სხვადასხვა ფორმით ახდენს გავლენას პიროვნებაზე.

მიუხედავად ამისა, ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ პოზიტიური გამოცდილება მიიღოთ. ვიმედოვნებთ, რომ იპოვით გზას, რომელიც ამის განხორციელებაში დაგეხმარებათ .

პოზიტიური მიდგომა

პოზიტიური განწყობის შექმნა და შენარჩუნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც C ჰეპატიტით ინფიცირებულს შეუძლია გააკეთოს საკუთარი თავისათვის. ადამიანის ფიქრები არა მარტო მის განწყობასა და ქცევაზე აისახება, არამედ ასევე შეუძლია ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს პიროვნების ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ეს არ არის ბედნიერების მსგავსი შეგრძნება – ეს სრულიად ახალი განწყობის შექმნაა, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გრძნობთ თავს. ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ქრონიკული დაავადებით იმ პაციენტებში, რომლებიც ახერხებენ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას, დაავადება დუნედ პროგრესირებს და ხშირად ეს განწყობა მკურნალობის შედეგზეც დადებითად აისახება.

ზოგიერთი ადამიანისთვის რთულია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, რაც აფერხებს C ჰეპატიტის ვირუსთან გამკლავებას. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლოა გაგიადვილდეთ ამ პრობლემის გადაჭრა:

გახსოვდეთ, არ გააიგივოთ თავი თქვენს დაავადებასთან!

C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმის პირველ ეტაპზე თითქოს ყველაფერი უფერულდება, გარემო და თავად ცხოვრებაც კარგავს აზრს. ვირუსის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად საათობით ატარებთ დროს ინტერნეტთან, საუბრობთ სხვა ინფიცირებულებთან და იკვლევთ მკურნალობის კურსის ყველა შესაძლო ვარიანტს თქვენს ექიმთან თუ ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოსებთან ერთად.

ასეთ ვითარებაში შესაძლოა იმდენად შეიცვალოთ, რომ იმ პიროვნების კვალიც კი აღარ დარჩეს, რომელიც დიაგნოზის დასმამდე იყავით და საკუთარი პიროვნების იდენტიფიკაციას მხოლოდ დაავადების პირობებში ახდენდეთ. ეს არა მარტო გაუმართლებელი საქციელია თქვენი მხრიდან, არამედ გამანადგურებელიც.

არ უნდა დაკარგოთ პიროვნული თვისებები. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს მხოლოდ C ვირუსით ინფიცირებულის სტატუსით შეაფასებთ, გარშემომყოფთა დამოკიდებულებაც ანალოგიური იქნება. ვალდებული ხართ C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმის შემდეგაც ისევ კარგი ოჯახის წევრი, მშობელი და მეუღლე იყოთ.

ინფიცირებულთა ის ნაწილი, ვინც აცნობიერებს, რომ კვების რეჟიმის დაცვითა და ცხოვრების სტილის შეცვლით შესაძლებელია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, შედარებით ადვილად უმკლავდება დაავადებას. რაც მთავარია, ამით ისინი სრულიადაც არ იზღუდებიან და აგრძელებენ თავისუფლად ცხოვრებას.

აწმყოთი ცხოვრების უნარი

იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან ხვალინდელი დღე უცნობია, გუშინდელი დღე კი წარსული. ვირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობას უჭირს დღევანდელი დღით ცხოვრება. მათ მუდმივად თან სდევთ წარსულთან დაკავშირებული კითხვები, როგორიცაა, მაგალითად, მათი ინფიცირების მიზეზი. მათ ასევე აწვალებთ ფიქრები მომავალზე, იმაზე, თუ როგორ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მიზეზის გარკვევის სურვილი სავსებით ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ამით თქვენი მდგომარეობა არ იცვლება. ეს მხოლოდ თვითგვემაა და ასე შესაძლებელია დეპრესიაში ჩავარდეთ.

აწმყოთი ცხოვრების უნარის მქონე პაციენტები შედარებით მარტივად ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას და იღებენ იმას, რასაც მათ ყოველი ახალი დღე სთავაზობს. მათ ეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში ეხმარება.

მადლიერების შეგრძნება

დაასახელეთ ათი რამ, რის გამოც ცხოვრების მადლიერი ხართ. თქვენი გონებრივი მდგომარეობა კარგად გამოჩნდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად შეძლებთ ამის ჩამოთვლას. C ჰეპატიტთან შეგუების პროცესში შესაძლოა მნიშვნელობა დაკარგოს იმან, რაც მანამდე სიხარულს განიჭებდათ.

ძიება იმისა, თუ რა იწვევს თქვენში მადლიერების გრძნობას, გეხმარებათ თქვენი ცხოვრების დადებითი მხარეების გახსენებაში. ადამიანთა უმეტესობა ასეთ დროს ფიქრობს სიყვარულზე, ოჯახის მხარდაჭერასა და მეგობრებზე. თუმცა, ზოგიერთი ფსიქოლოგის მტკიცებით, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების წვრილმანებზე გამახვილებაც და მათი მითითებით პაციენტი ყოველდღიურად ადგენს ახალ სიას (განმეორებების გარეშე).

თავდაპირველად შესაძლოა გაგიჭირდეთ ამის გაკეთება, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მარტივად აღმოაჩენთ მთელ რიგ სასიამოვნო წვრილმანებს თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად, როგორიცაა: წვიმამ გადაიღო სწორედ მაშინ, როდესაც გარეთ გასვლას აპირებდით; თქვენი მეზობელი ბავშვები იმდენს აღარ ხმაურობენ, როგორც ადრე; იპოვეთ თქვენი პარკირების ბარათი, რომლის ვადის გასვლამდე ჯერ კიდევ უამრავი დროა დარჩენილი… მადლიერების შეგრძნება აგიმაღლებთ განწყობას.

რეალისტური მიზნების დასახვა

გაზრდისა და განვითარების სურვილი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის ნაწილია. ამას ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ საკუთარი თავისთვის მიზნების დასახვით – დაწყებული ახალი კერძის მომზადების სწავლით, დამთავრებული კალათბურთის კალათში ბურთის ჩაგდებით. მიზნების დასახვა და შემდეგ მათი მიღწევა ძლიერი სტიმულია ყველა ადამიანისთვის.

C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მიზნები მხოლოდ მკურნალობას ეხება, იმას, თუ რამდენად სწრაფად დაუბრუნდებიან ისინი სამუშაოს და მათი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაშინ, როდესაც მიზნის მიღწევა იწვევს ძლიერ მატონიზირებელ ეფექტს, არარეალისტური მიზნების დასახვას და შემდეგ წარუმატებლობას დამანგრეველი შედეგი მოჰყვება. დამარცხება არავის უყვარს.

განმეორებითი მარცხით მძიმე მდგომარეობაში იგდებთ თავს მაშინ, როდესაც საკუთარი თავის გამხნევებას უნდა სწავლობდეთ.

სიცილი, როგორც უებარი წამალი

სიცილი არის პოზიტიური განწყობის გამოვლინება და როგორც სამკურნალო საშუალება, ის აბსოლუტურად უფასოა და მოაქვს გასაოცარი შედეგი. სიცილის შედეგად ორგანიზმში გამოიყოფა ტკივილისგან დამცავი ბუნებრივი ნივთიერება – ენდოფრინი, რომელიც ახშობს სტრესულ ჰორმონს – ეპინეფრინს. გულიანი სიცილი იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას.

სიცილი ზრდის ვირუსის საწინააღმდეგო T უჯრედების რაოდენობას, ხელს უწყობს ნერვულ სისტემაში სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, რომელიც ებრძვის ყველა სახის ინფექციას. მუცლის ტკივილამდე სიცილი ძლიერი კარდიოვასკულარული სტიმულატორია, ამცირებს გულისცემის სიხშირესა და არტერიულ წნევას, ზრდის სიცოცხლისუნარიანობასა და მახსოვრობას, ხსნის დეპრესიას.

თერაპიის ამ მეთოდის საუკეთესო მხარე კი ის არის, რომ ამგვარი მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ყველასათვის, განურჩევლად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა. თანაც, ამით ადამიანი იცვლება ისეთ პიროვნებად, რომელთან ერთად ყოფნაც სასიამოვნო ხდება გარშემომყოფთათვის.

უარყოფითი ემოციები

რატომ უჭირთ ადამიანებს სიცილი და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება? ფსიქოლოგთა ერთი ნაწილი ამ ფაქტს ხსნის იმით, რომ ზოგიერთი ადამიანი უარყოფით განწყობას გარკვეული მიზნებისთვის იყენებს. მაგალითად: ასეთ შემთხვევაში სხვები ცდილობენ თქვენს გამხნევებას და თქვენი პრობლემის გადაჭრას; არასდროს არაფერი არაა თქვენი ბრალი და იმ შემთხვევაში, თუ ისე არ განვითარდა მოვლენები, როგორც ეს თქვენ გქონდათ დაგეგმილი, იხსნით პასუხისმგებლობას; არავის არა აქვს თქვენგან რაიმეს მოლოდინი.

თქვენი ჯანმრთელობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით გამორიცხავთ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესების ალბათობას და შესაბამისად, წყვეტთ მომავლის დაგეგმვას.

ამგვარმა უარყოფითმა ფიქრებმა შესაძლოა უბედურება გამოიწვიოს. პოზიტიური განწყობის ბევრი დადებითი მხარე კი დამტკიცებულია და მიუხედავად მისი მიღწევის სირთულისა, ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

ჯანსაღი და დაბალანსებული კვება

ჯანსაღი და დაბალანსებული კვება ზოგადად ჯანმრთელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენს მიერ მიღებული საკვები ჩვენი ორგანიზმისათვის ენერგიის წყაროა. ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს ნებისმიერ დაავადებასთან გამკლავებაში.

არასწორმა დიეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემის ფუნქციის გაუარესება. დიეტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის კორონარული დაავადებისა და ინსულტის შემთხვევაში და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლის დაავადების შემთხვევაშიც.

შესაფერისი დიეტის შერჩევა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მათ შორის: ასაკზე, წონაზე, სიმპტომებზე და იმაზე, თუ რამდენად არის დაზიანებული ღვიძლი. უმჯობესია, ეს ფაქტორები დიეტოლოგთან ერთად განიხილოთ. შესაძლებელია თქვენს კვებაში შეიტანოთ რამდენიმე ძირითადი ცვლილება და ამით ხელი შეუწყოთ თქვენი ღვიძლის  შემდგომი დაზიანებისაგან    დაცვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც საწყის ეტაპზე შეგიძლიათ გააკეთოთ – მენიუდან ამოიღეთ ღვიძლისთვის საზიანო ნივთიერების შემცველი პროდუქტები. კერძოდ, ეს ეხება ალკოჰოლს და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს, განსაკუთრებით კი – გაჯერებულ ცხიმებს. შესაძლოა, თქვენმა ექიმმა გაგაცნოთ ის მედიკამენტები, რომლებიც ღვიძლზე  ტოქსიკურად მოქმედებენ.

საკვები, რომელიც უნდა შედიოდეს თქვენს დიეტაში:

•    ახალი ხილი და ბოსტნეული;

•    რთული ნახშირწყლები;

•    ცილა (საკმარისი რაოდენობით);

•    უჯრედისით მდიდარი საკვები;

•    ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე საკვები.

არაა რეკომენდებული:

•    შემწვარი საკვები;

•    ცხიმიანი საკვები (განსაკუთრებით გაჯერებული და ჰიდროლიზებული ცხიმები);

•    უხარისხო პროდუქტები;

•    დანამატებისა და პესტიციდების შემცველი საკვები პროდუქტები.

დიეტა და ღვიძლის დაზიანება 

C ვირუსული ინფექცია საკმოდ დიდი პერიოდის მერე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აზიანებს ღვიძლს. შედეგად, თქვენი დიეტა შესაძლოა  შეიცვალოს.

არ არსებობს ერთი, ყველასთვის მისაღები დიეტა, რადგან ღვიძლის   დაავადების განვითარება და ღვიძლზე მისი გავლენა ძალზე ინდივიდუალურია. თუმცა, დაავადებას მაინც ახასიათებს გარკვეული, საერთო განვითარების პირობები, რომელზეც დიეტა ახდენს გავლენას :

რკინა

ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რკინის მეტაბოლიზმში. ჩვენს მიერ მიღებული რკინის  დაახლოებით 10% ბუნებრივი გზით გამოიყოფა ჩვენი ორგანიზმიდან. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა ნაწილში შეფერხებულია ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა, რის გამოც რკინა ჭარბი რაოდენობით გროვდება ღვიძლში, სისხლში და სხვა ორგანოებში. ეს  საზიანოა  ღვიძლისთვის, ასევე უარყოფითი ფაქტორია ინტერფერონოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისათვის. მენოპაუზამდელი ასაკის ქალბატონებში რკინის გადაჭარბებული რაოდენობის დაგროვება ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან ისინი მენსტრუაციით ყოველთვიურად  კარგავენ სისხლს.

რეკომენდებულია რკინით მდიდარი საკვების მიღების შემცირება, მათ შორის: წითელი ხორცის, ღვიძლის, ხამანწკების, თინუსის, სეზამის თესლის, გარგარის, შავი ქლიავისა და რკინით გამდიდრებული მარცვლეულის მიღება.

მნიშვნელოვანია, ექიმის რჩევის გარეშე არ მიიღოთ რკინის შემცველი საკვები დანამატები. მულტივიტამინის აბები ხშირად შეიცავენ რკინას. ამიტომ  ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ვიტამინი C ზრდის რკინის ათვისების ეფექტურობას ორგანიზმში.

ცხიმი 

ღვიძლის დაზიანება  მეტად გავრცელებულია ჭარბი წონის მქონე ადამიანებში.მათ  ღვიძლში გროვდება ცხიმი, ვითარდება ცხიმოვანი ანთება – ჰეპატიტი და ცხიმოვანი ციროზი. ეს პათოლოგია უმეტესად დიაბეტით დაავადებულთა შორის არის გავრცელებული. ღვიძლში ცხიმის გადაჭარბებული დაგროვება იწვევს ორგანოს გადიდებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ფერმენტების აქტივობის ზრდა.

ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, რომელთაც  ღვიძლის ცხიმოვანი  დაავადება აქვთ, მხოლოდ წონის დაკლებითაა  შესაძლებელი ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ქრონიკული C ვირუსით ინფიცირებულმა  უნდა შეინარჩუნოს ნორმალური წონა, რათა თავიდან აიცილოს ღვიძლთან დაკავშირებული დამატებითი პრობლემები.

ცილები

ღვიძლის დაავადების შემთხვევაში ცილების იდეალური რაოდენობისა და სახეობის შერჩევის საკითხი საკამათოა და საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი.

კუნთოვანი ქსოვილის, ისევე როგორც მთელი ორგანიზმის  განვითარება დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ მიღებული ცილების რაოდენობაზე. მოზრდმა დაახლოებით 60-120 გრამი ცილა უნდა მიიღოს დღეში. ცილების დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა სისხლში ცილების დაშლის პროდუქტების დაგროვება გამოიწვიოს, რადგან მათი ელიმინაცია ჩვეულებრივ ღვიძლის მეშვეობით ხდება. თუ ამ პროდუქტების შემცველობა მოიმატებს სისხლში, ვითარდება  ენცეფალოპათია  (იხ. ღვიძლის დაავადების ბოლო სტადია). ენცეფალოპათიის დროს დარღვეულია პაციენტის გონებრივი შესაძლებლობები, გამოხატულია გონების დაბინდვა. შეიძლება განვითარდეს კომა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანული კვება, ცხოველური ცილების შეზღუდვით აუმჯობესებს ენცეფალოპათიის სიმპტომებს.

ენცეფალოპათიასთან მიმართებით ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით ყოველთვის არ არის აუცილებელი ცილის ძალიან დაბალი შემცველობის   დიეტის დაცვა. ეს მხოლოდ ძალზე მძიმე ავადმყოფების შემთხვევაშია რეკომენდირებული. ცილების ნაკლებობამ შესაძლოა უმადობა და სისუსტე გამოიწვიოს. ამიტომ, სასურველია გააგრძელოთ ცილების ადეკვატური რაოდენობის მიღება.  ეცადეთ, ერთ მიღებაზე ერთი სახეობის ცილოვანი საკვები მიიღოთ. ასევე უმჯობესია 3-4 მცირე ულუფის მიღება დღეში.

ორგანიზმისათვის საჭირო ცილების მიღება ისე, რომ სისხლში არ დაგროვდეს ცილების დაშლის ტოქსიკური პროდუქტები, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.  ზოგადად, ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტისათვის რეკომენდებულია  ყოველდღიურად 1-1.5 გრამი ცილის მიღება [კილოგრამ წონაზე]. მიუხედავად ამისა, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან დიეტოლოგს უნდა მიმართოთ, რადგან ისინი სხვა სამედიცინო ფაქტორების გათვალისწინებითაც მოგცემენ რეკომენდაციებს.

მარილები

ციროზის სტადიაზე პაციენტს შეიძლება სითხე დაუგროვდეს მუცლის ღრუში – განვითარდეს ე.წ ასციტი. ეს არის ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის ერთ-ერთი სიმპტომი. სავალდებულოა ასციტის დროს პაციენტმა დაიცვას სპეციალური დიეტა, რომლიც ზღუდავს  დღეში 1000 მგ-ზე მეტი ნატრიუმის მიღებას. ამ დიეტის დაცვა არც თუ  ადვილია, რადგან ნატრიუმის მარილების შემცველობა  პროდუქტების უმრავლესობაში საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მხოლოდ ერთი ჩაის კოვზ სუფრის მარილში  2.325 მგ ნატრიუმია.

გლუკოზა

სავარაუდოდ, C ჰეპატიტსა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულირების დარღვევას შორის მჭიდრო კავშირია. პაციენტთა ერთ ნაწილს უვითარდება შაქრიანი დიაბეტი.

სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება ღვიძლის მეშვეობით ხდება. ადამიანის მიერ მიღებული  საკვები გარდაიქმნება ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებად. შემდგომ, ნახშირწყლები და გლუკოზა  გლიკოგენის სახით გროვდება ღვიძლში, საიდანაც ორგანიზმის მოთხოვნილების მიხედვით მოიხმარება ენერგიის სახით. ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფ პაციენტებს ღვიძლში გლიკოგენის მარაგის გაღარიბების გამო ხშირად ერღვევათ   სისხლში გლუკოზის დონე. ამის გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – ხშირი კვება. ეს ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

კოფეინი 

კოფეინის შემცველი სასმელები, მაგალითად ყავა, ჩაი და ზოგიერთი გამაგრილებელი სასმელი იწვევს გაუწყლოებას. კოფეინის გადამუშავება ხდება ღვიძლში, რის შემდეგაც მისი  ორგანიზმიდან გამოდევნა თირკმლების მეშვეობით ხორციელდება. ციროზის დროს ღვიძლის დაზიანების გამო ეს პროცესი მკვეთრად დარღვეულია, რაც იწვევს სისხლში კოფეინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მატებას. კოფეინის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად იზრდება თავის ძლიერი ტკივილის განვითარების  ალბათობაც. ეს ასევე იწვევს ნევროზულ მდგომარეობას, დიარეას, დაღლილობას, თავბრუსხვევას, უძილობასა და შფოთვას. C ჰეპატიტით  პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ან შეამცირონ კოფეინის მიღება.

გათვალისწინებული მკურნალობა

ინფიცირებულთათვის მკურნალობის გადაწყვეტილება არც ისე ადვილი მისაღებია. ამისთვის უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, HCV-ის მკურნალობისას   ძირითადი სამედიცინო პრობლემა ანტივირუსული პრეპარატების გვერდითი ეფექტებია, თუმცა მკურნალობის თანამედროვე მეთოდიკას მათი განვითარების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს.

გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ბარიერებიც ჩნდება. ზოგ ადამიანს თავისებური შეხედულება აქვს ქიმიური პრეპარატების მათ ორგანიზმში შეყვანაზე და ზოგადად, ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე. თუმცა, აჯობებს ცრურწმენები გვერდზე გადავდოთ და ყურადღება უშუალოდ მკურნალობის დადებით და უარყოფით მხარეებზე გავამახვილოთ.

ანტივირუსული მკურნალობის ზოგადი პრინციპები

C  ჰეპატიტის სამკურნალოდ მოწოდებულია კომბინირებული ანტივირუსული მკურნალობა ანუ რამდენიმე პრეპარატის კომბინაცია.

ბოლო დრომდე გამოიყენებოდა 2 ანტივირუსული პრეპარატი: საინექციო პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი  აბების სახით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო  ვირუსის გენოტიპზე. მაგალითად, 1 და 4 გენოტიპით ინფიცირებისას ის 48 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 2 და 3 გენოტიპის დროს  კი – 24 კვირა. ამასთან,  მკურნალობის ეფექტიანობა 1 და 4 გენოტიპის შემთხვევაში 40-50%, 2 და 3 გენოტიპის დროს კი 70% იყო.

2011 წლიდან  C ჰეპატიტის მკურნალობაში ახალი ერა დაიწყო  –  სტანდარტულ თერაპიას პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატები დაემატა.  ასეთი პრეპარატებით  მკურნალობის პირველივე ეფექტი 1 გენოტიპიან პაციენტებში 75%-დე გაიზარდა. თუმცა ეს პრეპარატები [„ბოცეპრევირი“ და „ტელაპრევირი“]  მალევე ამოიღეს ხმარებიდან მკურნალობის რთული სქემებისა და რაც მთავარია მძიმე, ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისათვის საშიში გართულებების შესაძლებლობის გამო.

გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა  2013 წელს დარეგისტრირებული ახალი აბები:  „სოფოსბუვირი“ და 2 პრეპარატის – „სოფოსბუვირისა“  და  „ლედიპასვირის“  – შემცველი ჰარვონი. „სოფოსბუვირი“ ინიშნება პეგილირებულ „ინტერფერონთან“ და „რიბავირინთან“ ან მხოლოდ „რიბავირინთან“ ერთად [იმ პაციენტებში, ვისაც „ინტერფერონმა“ უკუჩვენება მისცა]. „ჰარვონი“ – „რიბავირინთან“ ერთად ან მის გარეშე.

ახალ პრეპარატებს ახასიათებს : პანგენოტიპური აქტივობა (ეფექტიანად მოქმედებენ ყველა გენოტიპზე), მათი  მიღება მარტივია -1 აბი დღეში, არ საჭიროებენ კვების განსაკუთრებულ  რეჟიმს, აქვთ მინიმალური გვერდითი ეფექტები,  მკურნალობის ხანგრძლივობა შემცირებულია 12-24 კვირამდე, მათი დანიშვნა  შესაძლებელია  ღვიძლის შორსწასული დაზიანების -ციროზის სტადიაზე, ჰარვონის -დეკომპენსირებული ციროზის დროსაც და რაც ყველაზე მთავარია, მათი ეფექტიანობა  90-95%-ია.

ევროპაში დარეგისტრირებულია და ასევე წარმატებით გამოიყენება  კიდევ რამდენიმე ახალი პრეპარატი: „დაკლატასვირი“, „სიმეპრევირი“ (1 გენოტიპისათვის) აშშ-ში  – 4 ანტივირუსული პრეპარატის შემცველი „ვიეკირა პაკი“.

ასე რომ, დღეისათვის ანტივირუსული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტს გაცილებით მეტი მოტივაცია აქვს.

მკურნალობის დადებითი მხარეები

მკურნალობის ჩატარების უმთავრესი დადებითი მხარე ისაა, რომ  კომბინირებული ანტივირუსული ქიმიოთერაპია  ადამიანის ორგანიზმიდან C ვირუსის განდევნის უალტერნატივო და დატესტილი საშუალებაა. სხვა მეთოდების ეფექტიანობა კი არ დასტურდება.

მკურნალობის შედეგად ღვიძლში ანთების შეჩერებით ან შემცირებით შესაძლებელია დაზიანებული ღვიძლის აღდგენა. მისი საშუალებით ასევე ფერხდება ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის განვითარება. დაავადების პროგრესირება იმ პაციენტებშიც კი ფერხდება, რომლებმაც ანტივირუსული მკურნალობის შემდეგ ვერ შეძლეს ვირუსისაგან გათავისუფლება.

ქალბატონების შემთხვევაში, მშობიარობის დროს არსებობს ბავშვის C ჰეპატიტით ინფიცირების რისკი. ვირუსის დამარცხებით კი ეს საფრთხე ქრება.

წარმატებლი მკურნალობის შემთხვევაში თქვენ აღარ წარმოადგენთ ინფექციის წყაროს გარშემომყოფთათვის.

მკურნალობის უარყოფითი მხარეები

მკურნალობისთვის დამახასიათებელი უარყოფითი მხარე, ძირითადად, მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენებია, რომლებიც ყველა შემთხვევაში არ ვითარდება. არსებობს მათი მინიმუმამდე დაყვანის გზები, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლოა თავს კარგად ვერ გრძნობდეთ. მკურნალობის დასრულების შემდეგ ორგანიზმის მედიკამენტებისგან გაწმენდას რამდენიმე თვე დასჭირდება. მაგალითად, „რიბავირინის“ სრული გამოდევნისთვის 6 თვეა საჭირო. ამან შესაძლოა იმოქმედოს თქვენს სამსახურზე (სავარაუდოდ, მოგიწევთ შვებულების აღება), თქვენს ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ახლობლებისათვის მოგიწევთ იმის თქმაც, რომ C ჰეპატიტით ხართ ავად და გადიხართ მკურნალობის კურსს.

ზოგჯერ გვერდითი მოვლენები იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება უარი თქვათ მკურნალობის გაგრძელებაზე.

მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან დიაბეტი გამოიწვიოს.

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ მკურნალობას დადებითი შედეგი არ მოჰყვეს თქვენს შემთხვევაში. ზოგი პაციენტი მკურნალობის დასრულების შემდეგაც კი დიდი ხნის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობს გვერდითი მოვლენების გამო.

ეს არის დადებითი და უარყოფითი მხარეების ზოგადი ჩამონათვალი.

გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

  • რა არის თქვენთვის პრიორიტეტული? არის თუ არა ვირუსის გამოდევნა თქვენთვის პრიორიტეტული?
  • რამდენად დიდია, თქვენს შემთხვევაში, ვირუსის გაქრობის ალბათობა? თანამედროვე სქემებით მკურნალობისას ეს შესაძლებლობა ძალიან მაღალია – 90%.
  • რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობის კურსი? მხოლოდ 12-24 კვირა.
  • ხართ თუ არა მზად ან შეგიძლიათ თუ არა დაელოდოთ უკეთესი მედიკამენტების აღმოჩენის შესაძლებლობას?

მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ კომპენსირებული ციროზი გაქვთ, უკვე შესაძლებელია ჩაიტაროთ ანტივირუსული მკურნალობა.

  • შეძლებთ თუ არა, გაუმკლავდეთ ნებისმიერი სახის გვერდით მოვლენებს? გექნებათ თუ არა საშუალება, მიიღოთ საჭირო დახმარება განსაკუთრებულად გართულების შემთხვევაში?
  • შეძლებთ თუ არა თქვენი ცხოვრების დაგეგმვას მკურნალობის კურსის განმავლობაში? მოახერხებთ თუ არა ექიმთან საკმაოდ ხშირი ვიზიტების უზრუნველყოფას? შეძლებთ თუ არა სამსახურიდან დროებით განთავისუფლებას ან სხვა მოვალეობების მოხსნას?
  • გეგმავთ თუ არა ბავშვის ყოლას მომდევნო წლის განმავლობაში? (მკურნალობის პროცესში და მის შემდგომ, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში ბავშვის ჩასახვა არაა რეკომენდებული).
  • გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ფლობდეთ სწორ ინფორმაციას. შემდეგ ნაწილში ნახავთ ინფორმაციას ზოგადად მკურნალობის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გთხოვთ გამონახოთ დრო მის წასაკითხად.

ინფორმაციის მიღების შემდეგ აუცილებელია შეარჩიოთ ექიმი, რომელიც თქვენი ნდობით იქნება აღჭურვილი და დაგეხმარებათ პრობლემებთან გამკლავებაში. 21-ე საუკუნის მედიცინაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობას, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ აღარ ვართ იმ ეპოქაში, როცა პაციენტი მორჩილად ასრულებდა ექიმის მითითებებს.

ინფორმაცია აივ ინფექციის შესახებ

კაცობრიობის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიდემია ახსოვს, მათ შორისაა აივ ინფექცია/შიდსი, რომელმაც აღმოჩენის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია და მოკლე ხანში გლობალურ პრობლემად იქცა. ამ დაავადების წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს და დღემდე სადავოა მისი ზუსტი წარმოშობის ადგილი და თარიღი. აივ ინფექცია/შიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს, როდესაც ჰომოსექსუალ მამაკაცთა შორის ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადებების – პნევმოცისტური პნევმონიისა და კაპოშის სარკომის რამდენიმე შემთხვევა. აღნიშნული დაავადებები მანამდე მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში იყო აღწერილი. 1982 წელს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული შიდსი, როგორც ახალი დაავადება. 1983 წელს შიდსის გამომწვევი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ერთდროულად აღმოჩენილი იქნა პარიზში (საფრანგეთი) პასტერის ინსტიტუტში ლუკ მონტანიესა და ბეთესდაში (აშშ) კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტში რობერტ ჰალოს მიერ.

აივ-ის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი არ არის ახალი – იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ გლობალურად გავრცელდა მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო აფრიკიდან იაფფასიანი სისხლის ექსპერტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში (მწვანე მაიმუნები, მაკაკები) ხანგრძლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული შიდსის ვირუსის წინამორბედი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანისათვის. შემდგომში, მუტაციის ან/და სხვა ფაქტორების შედეგად, მაიმუნის ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადამიანებში. ამ ვერსიის სასარგებლოდ ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის იმუ

ნოდეფიციტის ვირუსი (მივ), რომელიც მათში იწვევს შიდსის მსგავს დაავადებას. გარდა ამისა, ადამიანისა და მაიმუნისაგან გამოყოფილი ვირუსები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს გენეტიკური და ანტიგენური თვისებებით.

აღსანიშნავია, რომ შიდსის ვირუსი აღმოჩენილია ზაირის, უგანდის და ზოგიერთი სხვა აფრიკული ქვეყნის მცხოვრებთა 50-იან წლებში აღებულ სისხლში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში, ხოლო 60-იან წლებში აფრიკაში აღწერილია ე.წ. ”Slim disease”, რომელიც კლინიკური ნიშნებით შიდსს მოგვაგონებს.

კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, შიდსის ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა ამერიკის სამხედრო დანიშნულების ლაბორატორიებში, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ეს ვერსია განსაკუთრებით პოპულარული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა შორის. იგი თავიდანვე ნაკლებ დამაჯერებელი იყო, ამჟამად კი მთლიანად უარყოფილია.

აივ მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს, ლენტივირუსების ქვეოჯახს. ლენტივირუსები, ჩვეულებრივ, ნელ ინფექციებს იწვევენ. მათთვის დამახასიათებელია დაავადების ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი, პათოლოგიურ პროცესში ნერვული სისტემის ჩართვა და სუსტი იმუნური პასუხი, რასაც თან სდევს პერსისტული ვირემია. განასხვავებენ აივ-1-სა და აივ-2-ს. აივ-2 მოგვიანებით აღმოაჩი

ნეს. იგი აივ-1-სგან გენეტიკური თავისებურებების მიხედვით განსხვავდება და ძირითადად დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშია გავრცელებული,

თუმცა სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. აივ-2 აივ-1-თან შედარებით უფრო ძნელად გადაეცემა. იშვათია მისი ვერტიკალური გადაცემის შემთხვევებიც. აივ-2 ინფექცია კლინიკურად აივ-1 ინფექციის მსგავსია, თუმცა ვირუსული დატვირთვა, ჩვეულებრივ, დაბალია და დაავადების კლინიკური პროგრესირება უფრო ნელია.

აივ ადვილად ინაქტივირდება გარემოში. მშრალ პირობებში ვირუსი რამდენიმე საათში იღუპება, თუმცა შესაძლოა 1-3 დღე გაძლოს. qსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახია ტემპერატურაზე 15 დღე ძლებს, ხოლო 370C-ზე – 11 დღე. 56-60C-ზე ვირუსი 30 წთ-ში იღუპება. vირუსი ადვილად ექვემდებარება ქიმიური საშუალებებით სტერილიზაციას

აივ-ის ძირითადი სამიზნე უჯრედებია CD4+ ლიმფოციტები (T helper ანუ Th ლიმფოციტები), გარდა ამისა იგი აინფიცირებს მონოციტ/მაკროფაგებს, ცნს-ის მიკროგლიას, ფოლიკულურ-დენდრიტულ უჯრედებს და სხვა.

აივ-ით უჯრედის ინფიცირებისას ვირუსის გარსის ცილა – gp120 უერთდება სამიზნე უჯრედის CD4 მოლეკულას, რასაც მოჰყვება ვირუსის შესვლა უჯრედში და მისი გენეტიკური მასალის ინტეგრაცია მასპინძლის გენომში. შემდეგ კი ახალი ვირიონების აწყობა.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის სასიცოცხლო ციკლი

როგორც ცნობილია, CD4+ ლიმფოციტები აივ-ის ძირითადი სამიზნე უჯრედებია. ისინი ძირითად როლს ასრულებენ როგორც ჰუმორული, ისე – უჯრედული იმუნური პასუხის განხორციელებაში, რის გამოც მათ იმუნური ორკესტრის დირიჟორს უწოდებენ. აივ ინფექციის იმუნოპათოგენეზში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას და მათი ფუნქციის დათრგუნვას, რასაც შედეგად მოყვება იმუნური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა – იმუნოსუპრესია. CD4+ ლიმფოციტების რიცხვი პროგრესულად მცირდება აივ ინფექციის პროგრესირებასთან ერთად. იგი ვირუსულ დატვირთვასთან ერთად მნიშვნელოვანი მარკერია აივ დაავადების მონიტორირებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის რეპლიკაციის თითოეულ ციკლში წარმოქმნილი შტამები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება უჯრედული ტროპიზმით, ანტიგენურობით, წამლების მიმართ მგრძნობელობით და სხვა. აივ-ის მაღალი მუტაგენობა მას საშუალებას აძლევს ეფექტიანად აიცილოს თავიდან ანტივირუსული იმუნური პასუხი, რაც ვირუსის პერსისტენციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აივ-ის მუტაციის ამგვარი უნარი დაბრკოლებებს ქმნის ვაქცინის შემუშავებისას და განაპირობებს წამლების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.

აივ ინფიცირების გზა, მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა, აივ-ის მოცემული შტამის პათოგენურობა და მასპინძლის გენეტიკური ფაქტორები გავლენას ახდენს აივ სპეციფიკურ იმუნურ პასუხზე.

განეიტრალიზებელი ანტისხეულები გამომუშავდებიან პირველადი ინფექციიდან 2-4 კვირის შემდეგ და მაქსიმუმს ასიმპტომური ფაზის დროს აღწევენ. მათი განსაზღვრა სისხლში რუტინული სეროლოგიური ტესტებით შესაძლებელია ინფიცირებიდან 4-8 კვირის შემდეგ. ანტისხეულების გაჩენას სისხლში სეროკონვერსია ეწოდება. ხოლო პერიოდს ინფიცირებიდან სეროკონვერსიამდე – ე.წ. ფანჯარა პერიოდი.

აივ ანტისხეულების კონცენტრაცია მკვეთრად ეცემა შიდსის განვითარებასთან ერთად. განეიტრალიზებელი ანტისხეულები აივ საწინააღმდეგო ციტოტოქსიკურ თ ლიმფოციტებთან ერთად იმუნური პასუხის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომელიც დასაწყისში ნაწილობრივ აბლოკირებს აივ-ის რეპლიკაციას. თუმცა პირველადი ინფეექციის დროს არ ხდება აივ-ის სრული ელიმინაცია, რაც ინფექციის ქრონიკულ მიმდინარეობას განაპირობებს. პროვირუს დნმ-ის ინტეგრაცია მასპინძელი უჯრედის გენეტიკურ მასალაში და იმუნოკომპეტენტური უჯრედების, უპირატესად, CD4+ ლიმფოციტების დესტრუქცია, იმუნური სისტემის ფუნქციის მოშლას და ღრმა იმუნოდეფიციტის განვითარებას იწვევს.

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 4 ძირითადი გზა:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით;
  • ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;
  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად;

როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია? დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით , ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

ინფიცირებისაგან თავდაცვა
როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია? სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.

  • თავი შეიკავეთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისაგან; იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის; მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი პრევენციის ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და C ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი. უმკურნალებელ შემთხვევაში სგგი მნიშვნელოვნად ზრდის აივ ინფიცირების რისკს. სგგი-ს ადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია? ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.

  • ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცებით, ნემსით;
  • უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.

როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია? დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია.

  • საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, არვ მკურნალობითა და მოვლით;
    აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% – მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;
  • ანტირეტროვირუსული თერაპია; საკეისრო კვეთა; სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.

შიდსი საყოველთაო პრობლემაა. იგი ყველას ემუქრება განურჩევლად სქესის, ასაკისა თუ ეროვნებისა და მიეკუთვნება იმ დაავადებებს, რომელთა განკურნება თანამედროვე სამედიცინო საშუალებებით შეუძლებელია. ამიტომ აივ ინფექცია/ შიდსით დაავადების თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის სპეციფიური საშუალება ვაქცინაა, მაგრამ სამწუხაროდ, აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინის შექმნა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ამ მიმართულებით მსოფლიოს საკმაოდ დიდი ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალია მიმართული და რამდენიმე ათეული ვაქცინა გადის აპრობაციას.

შესაბამისად, აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი რადიკალური გზა შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა რჩება. ყოფილ საბჭოთა კავშირში შიდსის პროფილაქტიკა ეფუძნებოდა მკაცრ ეპიდზედამხედველობას და იძულებით, გარკვეულწილად დისკრიმინაციული ღონისძიებების გატარებას, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის ასეთი მეთოდი დროებით იძლევა გარკვეულ შედეგს, საბოლოო ჯამში კი მაინც არაეფექტიანია და რაც მთავარია ეთიკური და ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის.

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებზე გადასვლასთან ერთად შეიცვალა შიდსთან ბრძოლის კონცეფციაც. საქართველო შეუერთდა რიგის 1993 წლის აპრილის დეკლარაციას შიდსთან ბრძოლის შესახებ. 1995 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ყოველგვარი იძულების ღონისძიებების მინიმუმამდე შემცირებას და მთლიანად უზრუნველყოფს აივ ინფიცირებულ პირთა სამართლებრივ და სოციალურ დაცვას.

ამჟამად, შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა დაფუძნებულია ნდობაზე, მოსახლეობასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და ფართო სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობაზე, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაზე, სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებაზე და უსაფრთხო სისხლის პრინციპების დაცვაზე.

სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკური ღონისძიებები ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

  1. ბიოსამედიცინო (სამედიცინო მანიპულაციების უსაფრთხოება, დონორთა სისხლისა და/ან ორგანოების ტესტირება, სტერილიზაცია დეზინფექციის პრინციპების დაცვა)
  2. ქცევითი სფერო, მას მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის გადაცემასთან დაკავშირებული სარისკო ქცევები. შიდსის ვირუსით დაინფიცირების სარისკო ქცევების მქონე ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან: ნარკომანები, მეძავები, ჰომოსექსუალები, ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები, აგრეთვე ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ აივ ინფექცია/შიდსის მხრივ არაკეთილსაიმდო ქვეყნებში (უკრაინა , რუსეთი და სხვ. ) იძულებით ადგილნაცვალი პირები (ლტოლვილები), ჰემოფილიით ან სხვა დაავადებით სისხლის ხშირი რეციპიენტები. პირები, რომელთაც ჩაიტარეს სამედიცინო მანიპულაცია არასაკმარისად გასტერილებული სამედიცინო იარაღებით. რისკ ჯგუფს მიეკუთვნება გარკვეული პროფესიის სამედიცინო პერსონალი (ქირურგები, გინეკოლოგები, სისხლის ლაბორატორიის თანამშრომლები რომელთაც კონტაქტი აქვთ სისხლთან, ასევე ექთნები, რომლებიც ატარებენ სამედიცინო მანიპულაციებს და სხვ.)

შიდსით ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია აივ ინფიცირებული ორსულის ნაყოფისთვის.

საქართველოში, ისევე, როგორც აღმოსავეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, შიდსის გავრცელების ყველაზე უფრო სერიოზული რისკ ფაქტორი ნარკომანიაა. სამწუხაროდ, ნარკომანთა უმრავლესობა ნარკოტიკებს ინტრავენურად მოიხმარს არასტერილური შპრიცით. ხშირია ერთი შპრიცის ჯგუფური გამოყენების შემთხვევებიც, ე.წ. ,,მეგობრობის შპრიცი”, რაც შიდსის, B და C ჰეპატიტების სწრაფი გავრცელების რეალური ხელშემწყობი ფაქტორია. ასევე ,საკმაოდ ხშირად, ადგილი აქვს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიერ ,,საერთო ჭურჭლის” გამოყენებას, როდესაც ნარკოტიკის მომზადება ხდება ერთ ჭურჭელში და შემდეგ ამ ჭურჭლიდან იღებენ მზა წამალს საერთო შპრიცით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭურჭელში მოთავსებული ნარკოტიკის დაინფიცირება, ასეთი ,,წამლის” მოხმარების შემთხვევაში დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.

ნარკოტიკების ინექციურ მოხმარებასთან დაკავშირებული ვირუსული დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის მრავალი მეთოდი არსებობს. ნარკომანებს შორის სისხლისმიერი ინფექციების (შიდსი, B და C ჰეპატიტები) პროფილაქტიკისათვის საუკეთესო იქნებოდა ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა, მაგრამ ამ სენისაგან განკურნება ხანგრძლივ მკურნალობას და დიდ ნებისყოფას მოითხოვს , ამიტომ საჭირო ხდება ნარკოტიკების მოხმარების დროს სისხლისმიერი ინფექციების პროფილაქტიკის სტრატეგიის დანერგვა. ნარკომანებში აივ ინფექცია/შიდსით, B და C ჰეპატიტებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნარკოტიკების მომხმარებელმა ყოველთვის გამოიყენოს ერთჯერადი სტერილური შპრიცი. დაუშვებელია ,,საერთო ჭურჭლის” და სხვის მიერ ნახმარი ,,მეგობრობის შპრიცის” გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ერთჯერადი სტერილური შპრიცის შოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა, გარკვეული მიზეზების გამო მაინც მოიხმარს სხვის შპრიცს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. აბსტინენციის სინდრომი, ე.წ. ,,ლომკა” , როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელს აქვს სურვილი, რაც შეიძლება ჩქარა მიიღოს ნარკოტიკი და მოთმინება აღარ ყოფნის იმისათვის, რომ შეიძინოს ან გახსნას და გაამზადოს ,,წამალი” სტერილურ შპრიცში.
  2. ენდობა და დარწმუნებულია იმ პირის ჯანმრთელობაში, რომელმაც საკუთარი შპრიცი მიაწოდა. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ადამიანი ვერ ჩაითვლება ჯანმრთელად, თუ ის არ ჩაიტარებს შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევას აივ ინფექციაზე და ვირუსულ ჰეპატიტებზე.

ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებს ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კავშირები, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს დაინფიცირება, აქედან გამომდინარე მხოლოდ სტერილური ერთჯერადი შპრიცის გამოყენება არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას.

სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირების შანსი საკმაოდ მაღალია და ამ გზით დაინფიცირებული პირების რაოდენობა საქართველოში პირველ ადგილზეა ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებელთა შემდეგ. აივ ინფექცია/შიდსი შეიძლება გადაეცეს ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს. (ვაგინალური, ანალური, ორალური). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის დროს ქალების ინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების, რადგან საშოს ზედაპირი გაცილებით დიდია და სპერმაში აივ-ის რაოდენობა მეტი ვიდრე ვაგინალურ სეკრეტში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ძალადობრივი სქესობრივი აქტის დროს და/ან როცა ქალს პირველად აქვს სქესობრივი კავშირი. დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით (სგგდ-ი) და აგრეთვე B და იშვიათად C ჰეპატიტებით, ამიტომ მიზანშეწონილია სგგდ-ს არსებობის შემთხვევაში პიროვნებამ გამოკვლევა ჩაიტაროს აივ ინფექცია/შიდსზეც. დაინფიცრების შანსი გაცილებით მაღალია ჰომოსექსუალური კონტაქტების დროს. ეს განპირობებულია ასეთი სახის კონტაქტის დროს ლორწოვანი გარსების ტრავმირების მაღალი ალბათობით. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორი ნაწლავის ლორწოვანის უჯრედები დიდი რაოდენობით შეიცავს CD4 რეცეპტორებს, რომელიც პირდაპირი სამიზნეა აივ-ისათვის.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის შიდსის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია:

  • ოჯახური სიწმინდის ან ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორის მიმართ ერთგულების დაცვა;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტებისაგან თავის არიდება და შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს პრეზერვატივით სარგებლობა.

აქ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს დაუცველი სქესობრივი კონტაქტების და ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვის აუცილებლობა ისეთ ქვეყნებში, სადაც აღინიშნება აივ ინფექცია/შიდსის მაღალი გავრცელება. საქართველოში არსებული აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების დიდი ნაწილი 75-80% მეზობელი ქვეყნებიდან (უკრაინა, რუსეთი და სხვ.) შემოტანილ ინფექციაზე მოდის. შემოტანილი შეთხვევების საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველ და იძულებით ადგილგადანაცვლებულ პირებზე (ლტოლვილებზე) მოდის.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასათანადოდ გასტერილებული სამედიცინო ან კოსმეტიკური ინსტრუმენტით ჩატარებული მანიპულაციის დროს დაინფიცირების შესაძლებლობას, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალინ მცირეა.

დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ინფექციებზე შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის დროსაც. თუმცა დღეისათვის ყველა დონორის სისხლის გამოკვლევა სავალდებულოა 4 ინფექციაზე : აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები და სიფილისი. დღეისათვის სისხლის გადასხმას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, რადგან აბსოლუტურად უსაფრთხო სისხლი პრაქტიკულად არ არსებობს და სისხლის გადასხმა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში. სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისათვის აუცილებელია ზედმიწევნით დავიცვათ სამედიცინო იარაღების სტერილიზაცია/დეზინფექციის მეთოდები.

სამედიცინო პერსონალი ასევე შეგვიძლია მივაკუთვნოთ აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირების რისკის ჯგუფს. პროფესიული საქმიანობისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამედიცინო პერსონალის კანისა და ლორწოვანი გარსების ექსპოზიციას ინფიცირებული პაციენტის სისხლით და ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურებული იარაღებით. დაბინძურებული იარაღით დაზიანების შემთხვევაში თუ ეჭვი გვაქვს, რომ იარაღი დაბინძურებული იყო აივ ინფიცირებული ადამიანის სისხლით, სასურველია დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 72 საათისა, მივმართოთ შიდსის ცენტრს სადაც დაზარალებულს ჩაუტარდება სამედიცინო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში აივ ინფექციის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობა.

აივ ინფექციის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია აივ ინფექცია/შიდსის პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის წამყვან ღონისძიებას მიეკუთვნება აქტიური სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება მოსახლეობაში. მისი განათლება ამ დაავადების შესახებ ლექცია-სემინარებისა და საინფორმაციო მასალების დარიგების გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართვას შიდსის პროფილაქტიკის საქმეში, აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანატოლთა და თანასწორთა საგანმანათლებლო პროგრამები, როდესაც შიდსის და სხვა დაავადებების შესახებ ინფორმაციას აწვდის მსგავსი სოციალური მდგომარეობის ადამიანი მეორეს – თანატოლი-თანატოლს, ახალგაზრდა –ახალგაზრდას, ნარკომანი-ნარკომანს, მეძავი-მეძავს და ასე შემდეგ, ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს შიდსის პროფილაქტიკაში, პროფილაქტიკური და ეპიდემიოლოგიური განყოფილებების თანამშრომლები აწარმოებენ სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობას აივ ინფექცია/შიდსის რისკ ჯგუფებში; აივ ინფიცირებულ პირთა გამოვლენას და დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგიის შესწავლას. ცენტრის თანამშრომელბი მსურველებს უტარებენ უფასო ნებაყოფლობით კონფიდენციალურ კონსულტირებას და ტესტირებას აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერი მსურველი მიიღებს კვალიფიციურ ინფორმაციას აივ/ინფექცია შიდსის შესახებ. ცენტრში ხდება აივ ინფიცირებულ პირთა უფასო გამოკვლევა და მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ნებაყოფლობით კონფიდენციალურ კონსულტირებასა და ტესტირებას.

კაცობრიობის დიდ ნაწილს დღესაც არა აქვს სწორი წარმოდგენა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემას შორიდან უყურებენ და არავინ თვლის, რომ ეს დაავადება მასაც შეიძლება შეეხოს. აივ ინფექცია/შიდსის შესახებ არასაკმარისი ცოდნის გამო ადგილი აქვს დაავადებულთა სტიგმას და დისკრიმინაციას, ინფიცირებულთა უფლებების დარღვევას, სტიგმისა და დისკრიმინაციის არსებობის გამო ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მალავს თავის სტატუსს, ეს კი ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას. იმისათვის რომ აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკა ეფექტურად განხორციელდეს, საჭიროა ყველა გავერთიანდეთ ამ დაავადების წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ გაერთიანებული ძალებით შევძლოთ მისი დამარცხება.

მართალია, აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე. ესენია:

შიდსის სიმპტომები

  • არამოტივირებული ცხელება;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად;
  • ოფლიანობა;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ფაღარათი;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • თეთრი ფერის ნადები ენაზე;
  • გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;
  • ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვა.

ამასთან, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები (მაღალი რისკის ჯგუფი, აივ ინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა), გარდა ამისა, აივ ინფექციაზე გამოკვლეულ უნდა იყვნენ სგგდ ავადმყოფები, B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულნი, ტუბერკულოზით დაავადებულნი.

დაავადების კლინიკური მიმდინარეობა

აივ ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობაში (მკურნალობის გარეშე) გამოყოფენ შემდეგ სტადიებს:

ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან ასიმპტომური პერიოდი

2-3 კვირა

მწვავე რეტროვირუსული სინდრომი

2-3 კვირა

კლინიკური გაუმჯობესება და სეროკონვერსია

2-4 კვირა

ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია

საშუალოდ 8 წელი

სიმპტომური აივ ინფექცია/შიდსი

საშუალოდ 1,3 წელი

სიკვდილი

 

აივ ინფექციის პირველადი გამოვლინებაა მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს CD4+ ლიმფოციტების რიცხვის მკვეთრი დაქვეითება, პლაზმაში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია (ვირემია). მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით ვლინდება.

ცხელება

96%

მიალგია

54%

ჰეპატოსპლენომეგალია

14%

ადენოპათია

74%

დიარეა

32%

წონაში კლება

13%

ფარინგიტი

70%

თავის ტკივილი

43%

რძიანა

12%

გამონაყარი

(ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყარი სახესა და ტანზე, იშვიათად – ხელისა და ფეხის გულებზე, ზოგი აღნიშნავს წყლულოვან გამონაყარს პირის ღრუში, საყლაპავისა და გენიტალური ორგანოების ლორწოვანზე)

70%

სისუსტე

და

მოთენთილობა

27%

ნევროლოგიური გამოვლინებები

(ასეპტიური მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, პერიფერიული ნეიროპათია, გიიენ-ბარეს სინდრომი, მხრის ნევრიტი, კოგნიტიური დარღვევები ან ფსიქოზური მდგომარეობა)

12%

შემდეგი ფაზა არის კლინიკური გაუმჯობესების ფაზა. კლინიკური გაუმჯობესების ფაზაში აღინიშნება პლაზმაში ვირემიის შემცირება, ციტოტოქსიური T ლიმფოციტებით განპირობებული იმუნური პასუხი.

დაავადების შემდეგი სტადია არის ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია, როდესაც კლინიკური გამოვლინებები არ აღინიშნება და მყარდება განსაზღვრული კავშირი CD4+ ლიმფოციტების რიცხვსა და აივ რნმ–ის კონცენტრაციის შორის. CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითება კავშირშია ვირუსული დატვირთვის მატებასთან, რაც შიდსის განვითარებისა და ავადმყოფის სიკვდილის მიზეზია. 2002 წელს ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგებით CD4+ ლიმფოციტების რიცხვი აივ რნმ-ის კონცენტრაციის ყოველი ლოგ10-ით მატებისას 1 მლ-ში საშუალოდ 4%-ით იკლებს წელიწადში.

აივ რნმ-ის კონცენტრაცია პლაზმაში მკვეთრად იმატებს მწვავე ინფექციის პერიოდში და შემდეგ იკლებს, რაც სეროკონვერსიისა და იმუნური პასუხის შედეგია.

დაავადების გვიანი სტადია ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითებით ნაკლები 200 უჯრედი/მმ3 და ოპორტუნისტული ინფექციების, ზოგიერთი სიმსივნის, განლევის სინდრომის და ნევროლოგიური გართულებების განვითარებით.

არანამკურნალებ პაციენტებში სიცოცხლის ხანგძლივობა მას შემდეგ, რაც CD4+ ლიმფოციტების რიცხვი 200 უჯრედი/მმ3–მდე დაქვეითდება, 3,7 წელია; ხოლო თუ შიდსთან ასოცირებული პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენის მომენტისთვის CD4+ ლიმფოციტების რიცხვი უდრის ან ნაკლებია 60-70 უჯრ/მმ3-ში, მაშინ ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 1,3 წელია.

დაავადების პროგრესირების ტემპი სხვადასხვა პაციენტებში ვარიაბელურია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ერთის მხრივ, მასპინძლის ე.წ. დაცვით ფაქტორებზე და მეორეს მხრივ, ვირუსის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება იგი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფონზე.

აივ ინფექციის კლინიკური სპექტრი

შიდსის კლინიკური გამოვლინებანი მეტად მრავალფეროვანია. შიდსით დაავადებულს ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად უვითარდებათ ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასოცირებულია ვირუსებთან.

ოპორტუნისტული ეწოდება ინფექცია, რომლის გამომწვევი (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი თუ სოკო) ჩვეულებრივ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც ბინადრობდეს და არ იწვევდეს პათოლოგიას და მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში გამოიწვიოს დაავადება. შიდსით ავადმყოფებში ოპორტუნუსტული ინფექციები, როგორც წესი, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და ხშირად სიკვდილით მთავრდება.

დაავადების პროგრესირების შესაფასებლად საუკეთესო სუროგატი მარკერებია ვირუსული დატვირთვა (ანუ ვირუსის კონცენტრაცია 1 მლ პლაზმაში) და CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 1 მმ3 სისხლში, რომელთა საშუალებით შეასძლებელია დაავადების სტადიისა და სიმძიმის შეფასება და მოსალოდნელი პროგრესირების პროგნოზირება შიდსის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 1,5-2 წლით ადრე. ვირუსული დატვირთვის მატებას, როგორც წესი, თან სდევს CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვის შემცირება. CD4+ პირდაპირპროპორციულ კავშირშია ოპორტუნისტული დაავადებების განვითარების რისკთან. უფრო მეტიც, CD4+ უჯრედების გარკვეულ მაჩვენებელზე, ამა თუ იმ კონკრეტული ოპორტუნისტული ინფექციის და/ან სიმსივნეების განვითარებაა მოსალოდნელია.

CD4+ ლიმფოციტების რიცხვის კორელაცია აივ ინფექციის გართულებებთან

CD4+ ლიმფოციტების რიცხვი

ინფექციური

გართულებები

არაინფექციური

გართულებები

>500/მმ3

  • მწვავე რეტროვირუსული სინდრომი
  • ვაგინალური კანდიდოზი
  • პერსისტული გენერალიზებული ლიმფადენოპათია
  • გიიენ-ბარეს სინდრომი
  • მიოპათია
  • ასეპტიური მენინგიტი

200-500/მმ3

  • პნევმოკოკური და სხვა ბაქტერიული პნევმონიები
  • ფილტვის ტუბერკულოზი
  • ჰერპეს ზოსტერი
  • ოროფარინგეული კანდიდოზი
  • კრიპტოსპორიდიოზი, ვითგანკურნებადი
  • კაპოშის სარკომა
  • თმოვანი ლეიკოპლაკია
  • ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზია
  • ცერვიკალური სიმსივნე (ასოცირებულია ადამიანი პაპილომავირუსთან)
  • B უჯრედული სიმსივნე  ანემია
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიული პურპურა
  • ჰოჯკინის ლიმფომა
  • ლიმფოციტური ინტერსტიციული
  • პნევმონია

<200/მმ3

  • პნევმოცისტური პნევმონია
  • დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი და კოქციდიომიკოზი
  • მილიარული ან ფილტვგარეშე ტუბერკულოზი
  • პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალიპათია
  • განლევის სინდრომი
  • პერიფერიული ნეიროპათია
  • აივ ასოცირებული დემენცია
  • კიარდიომიოპათია
  • ვაკუოლური მიელოპათია
  • პროგრესირებადი პოლირადიკულოპათია
  • არაჰოჯკინის ლიმფომა

<100/მმ3

  • დისემინირებული მარტივი ჰერპესი
  • ტოქსოპლაზმოზი
  • კრიპტოკოკოზი
  • კრიპტოსპორიდიოზი, ქრონიკული
  • მიკროსპორიდიოზი
  • ეზოფაგური კანდიდოზი

 

<50/მმ3

  • დისემინირებული ციტომეგალოვირუსული ინფექცია
  • ატიპიური მიკობაქტერიის კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექცია
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ლიმფომა (ასოცირებულია ებშტეინ-ბარის ვირუსთან)

აივ ინფექციის აღმოჩენიდან დღემდე ამ დაავადების კლასიფიკაციის მრავალი მცდელობა არსებობს. ცხრილში მოცემულია აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 1993 წლის კლასიფიკაცია რომელიც, ერთის მხრივ, ეყრდნობა სისხლში CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტურ რიცხვს და მეორეს მხრივ, კლინიკურ გამოვლინებებს. მაგ., თუ აივ ინფიცირებულს აღენიშნება დაავადების C2 კატეგორია, ნიშნავს,რომ მას აქვს C კლინიკურ კატეგორიაში მითითებული ოპორტუნისტული დაავადება, ხოლო CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 1 მკლ სისხლში 200-სა 500-ს შორისაა.

ქვემოთ მოცემულია მოზარდთა და ზრდასრულთა აივ ინფექციის სტადიების კლინიკური კლასიფიკაცია, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ 2004 წელს. იგი მხოლოდ აივ ინფექცია/შიდსის კლინიკურ გამოვლინებებს ემყარება და არ ითვალისწინებს CD4+ ლიმფოციტების რიცხვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მოზარდთა და ზრდასრულთა
აივ ინფექციის სტადიების კლინიკური კლასიფიკაცია

I. კლინიკური სტადია

  1. ასიმპტომური მიმდინარეობა;
  2. გენერალიზებული ლიმფადენოპათია;

ფუნქციური შესაძლებლობების 1 დონე: ასიმპტომური მიმდინარეობა, ყოველდღიური აქტივობის ნორმალური დონე

II. კლინიკური სტადია

  1. წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე ნაკლების დაკარგვა;
  2. კანისა და ლორწოვანის მსუბუქი დაზიანება (სებორეული დერმატიტი, ქავილით მიმდინარე დერმატოზები, ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებები, მორეციდივე აფტოზური სტომატიტი, ანგულარული ქეილიტი);
  3. სარტყლისებული ლიქენი ბოლო 5 წლის მანძილზე;
  4. ზემო სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციები (მაგ: ბაქტერიული სინუსიტი) ან/და ფუნქციური შესაძლებლობების 2 დონე: კლინიკური გამოვლინებები, ყოველდღიური აქტივობის ნორმალური დონე;

III. კლინიკური სტადია

  1. წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე მეტის დაკარგვა;
  2. უცნობი ეტიოლოგიის დიარეა 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის;
  3. უცნობი ეტიოლოგიის ცხელება (მუდმივი ან მორეციდივე) 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის;
  4. პირის ღრუს კანდიდოზი;
  5. პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკია;
  6. ფილტვის ტუბრკულოზი;
  7. მძიმე ბაქტერიული ინფექციები (მაგ: პნევმონია, ჩირქოვანი მიოზიტი) და/ან ფუნქციური შესაძლებლობების 3 დონე: ბოლო 1 თვის მანძილზე დღის განმავლობაში პაციენტი ატარებდა საწოლში დროის 50%-ზე ნაკლებს;

IV. კლინიკური სტადია

  1. აივ კახექსია (წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე მეტი, ან უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დიარეა – 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის, ან ქრონიკული სისუსტე შეუღლებული ხანგრძლივ (1 თვეზე მეტი) უცნობი ეტიოლოგიის ცხელებასთან);
  2. პნევმოცისტური პნევმონია;
  3. ცერებრული ტოქსოპლაზმოზი;
  4. კრიპტოსპორიდიოზი დიარეით 1 თვეზე მეტი განგრძლივობის;
  5. ფილტვგარეშე კროპტოკოკოზი;
  6. ციტომეგალოვირუსული ინფექცია ნებისმიერი ორგანოს დაზიანებით, გარდა ღვიძლისა, ელენთისა, და ლიმფური კვანძებისა (მაგ: რეტინიტი);
  7. მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციები შინაგანი ორგანოების დაზიანებით ან კანისა და ლორწოვანის ქრონიკული დაზიანებით (1 თვეზე მეტი);
  8. პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია;
  9. ნებისმიერი დისემინირებული ენდემური მიკოზი;
  10. საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების, ან ფილტვების კანდიდოზი;
  11. ატიპიური მიკობაქტერიით გამოწვეული დისემინირებული ინფექცია;
  12. სალმონელოზური სეპტიცემია (გარდა Salmonella typhi);
  13. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი;
  14. ლიმფომა;
  15. კაპოშის სარკომა;
  16. აივ ენცეფალოპათია (მძიმე კონგიტიური და/ან მოტორული დარღვევები, რომლებიც ზემოქმედებენ ყოველდღიურ აქტივობაზე და პროგრესირებენ კვირეებისა და თვეების მანძილზე, თუ არ არსებობს სხვა თვალსაჩინო მიზეზები აივ ინფექციის გარდა) და/ან ფუნქციური შესაძლებლობების 4 დონე: ბოლო 1 თვის მანძილზე პაციენტმა გაატარა ლოგინში დღის 50%-ზე მეტი.

კლინიკურ პრაქტიკაში მიღებულია, აგრეთვე, აივ დაავადების დაყოფა ექვს ძირითად კატეგორიად, რაც დაფუძნებულია როგორც კლინიკურ გამოვლინებაზე, ასევე CD4+ ლიმფოციტების რაოდენობაზე:

  • საწყისი ინფექცია ანუ მწვავე სეროკონვერსიული სინდრომი;
  • ადრეული აივ დაავადება
  • – CD4 რიცხვი აღემატება 500 უჯრედს მმ3-ში;
  • შუალედური აივ დაავადება
  • – CD4 რიცხვი 200-500/მმ3 ფარგლებშია;
  • გვიანი აივ დაავდება
  • – CD4 რიცხვი 50-200/მმ3 ფარგლებშია;
  • შორსწასული აივ დაავადება
  • – CD4 რიცხვი 50/მმ3-ზე ნაკლებია;
  • ტერმინალური აივ დაავადება.

შიდსი ერთი კონკრეტული ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, მაგრამ ამავე დროს იგი წარმოადგენს ამ ვირუსით გამოწვეული იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებულ დაავადებათა სპექტრს. ამის გამო შიდსის კლინიკური გამოვლინებანი იმდენად მრალავფეროვანი შეიძლება იყოს, რომ შიდსის დიაგნოზის დადგენა მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია და გადამწყვეტი მისი დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული გამოკვლევაა. შესაბამისად, შიდსზე საეჭვო შემთხვევაში დიფერენციული დიაგნოზი გატარებულ უნდა იქნას ყველა იმ დაავადებასთან, რომელიც შიდსის დროს შეიძლება შეგვხვდეს.

ვინაიდან აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკურუი ნიშნები არ გააჩნია, გადამწყვეტი მის დიაგნოსტიკაში ლაბორატორიული გამოკვლევაა.

აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება, ვირუსის კულტივირება შემდგომი იდენთიფიკაციით, სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ვირუსის ანტიგენის და ანტისხეულების განსაზღვრა, ვირუსის გენომის გამოვლენა და სხვა.

დღეისათვის აივ ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი საშუალებებია სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა.

აივ ანტისხეულების განსაზღვრის მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა:

  • პირველადი ანუ სკრინინგული;
  • დამადასტურებელი ანუ კომფირმაციული.

სკრინინგულ მეთოდებს მიეკუთვნება: აივ ანტისხეულების გამოვლენა იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა), იმუნოფლუორესცენციის, ჰემაგლუტინაციის, იმუნოქრომატოგრაფიის, მიკროპრეციპიტაციის და სხვა მეთოდებით. გამოკვლევის ხანგრძლივობის მიხედვით ეს მეთოდები იყოფა ჩვეულებრივ (ხანგრძლივობა 2-5 საათი) და სწრაფ/მარტივ (ხანგრძლივობა 5-30 წუთი) მეთოდებად. კონფირმაციული მეთოდებიდან ძირითადად გამოიყენება იმუნობლოტინგი (Western blot).

სკრინინგულ მეთოდებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება აივ ანტისხეულების გამოვლენა იფა და სწრაფი/მარტივი მეთოდებით, რომლებიც მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით ხასიათდება და ამასთან, ადვილად ხელმისაწვდომია. მათი საშუალებით აივ ანტისხეულები სისხლში ვლინდება ინფიცირებიდან 4-8 კვირის შემდეგ. დადებითი შედეგის შემთხვევაში კვლევა გრძელდება დამადასტურებელი ანუ, კონფირმაციული მეთოდით – იმუნობლოტინგით (Western blot იმუნობლოტინგის მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს სპეციფიკური ანტიგენების, ანუ ვირუსის ცალკეული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულები.

სადღეისოდ ყველაზე ზუსტი და მაღალმგრძნობიარე მეთოდია ვირუსის გენომის (რნმ, დნმ) გამოვლენა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით. არსებობს ვირუსის გენომის გამოვლენის ალტერნატიული მეთოდებიც – bDNA (branched chain DNA და NASBA (Nucleic Acid Sequence-Based Amplification). თუმცა თავისი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით სადღეისოდ ისინი PCR მეთოდს ჩამორჩება. bDNA მეთოდით ხდება ვირუსის რნმ-ის მონიშნული მონაკვეთიდან სიგნალის ამპლიფიკაცია კომპლემენტური დნმ-ით ჰიბრიდიზაციის გზით. ხოლო PCR და NASBA მეთოდების შემთხვევაში ხდება ვირუსის მონიშნული რნმ-ის ამპლიფიკაცია ფერმენტული მეთოდებით ისე, რომ გამრავლებული რნმ განისაზღვროს ჩვეულებრივი მეთოდებით.

PCR, რომელიც 80-იან წლებში დაინერგა, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადადა ინფექციური დაავადების, მათ შორის აივ ინფექციის დიაგნოსტიკაშიც. მისი საშუალებით ხდება ინფექციური აგენტის გენეტიკური მასალის ამპლიფიკაცია და გამოვლენა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი კონცენტრაცია გამოსაკვლევ მასალაში უკიდურესად მცირეა (1 ვირუსი 100 000 უჯრედზე).

PCR მეთოდი ორი სახისაა: თვისობრივი და რაოდენობრივი. თვისობრივი გამოიყენება აივ ინფექციის დიაგნოსტიკისათვის ადრეულ სტადიაზე – სისხლში ანტისხეულების გაჩენამდე, აგრეთვე იფა და იმუნობლოტინგით საჭვო პასუხის მიღების შემთხვევაში. განსაკუთრებით დიდია მისი დიაგნოსტიკური ღირებულება ინფიცირებული დედის ახალშობილის აივ ინფექციის დიაგნოსტირებისას. როგორც ცნობილია, აივ ინფიცირებული დედის ახალშობილს შესაძლოა არაინფიცირების შემთხვევაშიც კი აღენიშნოს აივ ანტისხეულების არსებობა მათი ტრანსპლაცენტური ბარიერის გავლის გამო. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალშობილის აივ ინფექციის დიაგნოსტიკაში სწორედ PCR მეთოდს ენიჭება.

რაოდენობრივი მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ე. წ. ვირუსული დატვირთვა, ანუ ვირუსის რაოდენობა 1 მლ პლაზმაში. ვირუსული დატვირთვა საუკეთესო მარკერია დაავადების პროგნოზირებისა და მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად.

აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას რომ შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად გადაიქცეს. განასხვავებენ აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის შემდეგ მიმართულებებს:

ანტირეტროვირუსული მკურნალობა (არვ)

ოპორტუნისტულ ინფექციათა მკურნალობა

იმუნოკორექცია და იმუნორეაბილიტაცია
ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება ხდება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ყველა აივ ინფიცირებულს არვ არ ესაჭიროება. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით, იგი:

თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას
ახანგრძლივებს ინფიცირებულის სიცოცხლეს და ანელებს დაავადების პროგრესირებას.
სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირების გზით ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს.
აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს.
არვ თერაპიის ფონზე ადვილი ხდება ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რასაც დიდი თერაპიული, მორალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც პაციენტის ისე სახელმწიფოსათვის.

არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური ფორმების განვითარებას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტად დაცვას, ასევე გვერდითი ეფექტების დროულად გამოვლენას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ანტირეტროვირუსული თერაპია მოითხოვს დიდ ეკონომიკურ რესურსებს, რაც ხელს უშლიდა რეჟიმის ზუსტ დაცვას და მის ფართო გამოყენებას.

2001 წელს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება და მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში. გლობალური ფონდის საბოლოო მიზანია ხელი შეუშალოს აღნიშნული დაავადებების გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა.

საქართველო არის ერთერთი პირველი ქვეყანა დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს არვ თერაპიის 100% – იან ხელმისაწვდომობას. აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას და მოვლას გლობალური ფონდი ხელშეწყობით საქართველოში ახორციელებს ,,ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიუკული ცენტრი”. აივ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ პაციენტი ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილებიდან გადადის დისპანსერულ განყოფილებაში, სადაც იგი ხვდება ცენტრის ექიმი ინფექციონისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ტარდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური და ლაბორატორიული შესწავლა, აივ ინფიცირებულებს უტარდებათ ორგანიზმის გამოკვლევის ფართო პანელი, მიმდინარეობს იმუნური სისტემის (CD4, CD4/CD8) და სისხლში ვირუსული დატვირთვის შესწავლა. საბოლოოდ მიღებული შედეგების საფუძველზე ცენტრის ექიმის მიერ ხდება მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა. თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას მაშინ ხდება პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად. ამ შემთხვევაში პაციენტს თავისი მკურნალი ექიმის მიერ ენიშნება არვ თერაპია და იგი ყოველთვიურად მოდის ცენტრში არვ პრეპარატების წასაღებად. ყოველი ვიზიტის დროს პაციენტი იღებს ერთი თვის სამყოფ არვ პრეპარატებს. ყოველი ვიზიტისას ექიმი არკვევს თუ რამდენად სწორად იცავს პაციენტი არვ თერაპიის რეჟიმს, რა პრობლემები და ჩივილები აქვს მას. ექიმი აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს, რათა სწორად მოხდეს მკურნალობის წარმართვა და გვერდითი ეფექტების არსებობის შემთვევაში ექიმი უნიშნავს გვერდითი ეფექტების საწინააღმდეგო მკურნალობას ან ცვლის პრეპარატს სხვა შედარებით უფრო ადვილად გადასატანი პრეპარატით. საჭიროების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ პალატებში პაციენტს მორიგე ექიმის მიერ უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება. შიდსის ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს წელიწადში სამჯერ უტარდებათ გამოკვლევები ხდება იმუნური სისტემის მდგომარეობის და ვირუსული დატვირთვის შესწავლა, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აუცილებელია მკურნალობის დაწყების მომენტის განსაზღვრისათვის. ასეთი დამოკიდებულების გამო პაციენტი თავს დაცულად გრძნობს, მან იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშაა აყვანილი და საჭიროების შემთვევაში შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.

საქართველოში ფუნქციონირებს აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონალური ცენტრი: ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში, ამ ცენტრებში შექმნილია ყველა პირობა ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლისათვის.

ვაქცინა სუბსტანციაა, რომელიც იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულირებას, რომ გამოიმუშავოს იმუნური პასუხი ანუ დაცვითი მექანიზმი ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ.

დღეისათვის მსოფლიოში აივ-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, თუმცა ისინი კლინიკური კვლევების სხვადახვა ფაზებს გადიან, რადგანაც აუცილებელია ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ სარწმუნო შედეგების მიღება.

ჯანმრთელი იმუნური სისტემა ებრძვის ყველაფერს, რასაც ჩათვლის უცხო სხეულად. ის გამოიმუშავებს ცილოვანი სახის წარმონაქმნებს-ანტისხეულებს, რომლებიც ბლოკავენ უცხო სხეულებს და ხელს უშლიან მათ, რომ დააინფიცირონ ჯანმრთელი უჯრედები. როგორც კი ინფიცირების საფრთხე თავიდან იქნება აცილებული, იმუნური სისტემა გამოიმუშავებს განსაკუთრებულ უჯრედებს, რომლებსაც დამახსოვრე-ბული აქვთ თუ როგორ ებრძოლონ ამ სპეციფიურ ინფექციას.

ვაქცინების რამდენიმე სახე არსებობს. ზოგიერთი მათგანის შექმნა ხდება დასუსტებული მიკროორგანიზმების ან ვირუსებისგან, ეგრეთ წოდებული “ცოცხალი ვაქცინები”. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადების ძალიან სუსტი ფორმა, მაგრამ იმუნური სისტემა იმახსოვ-რებს, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი დაავადების მძიმე ფორმისგან. ამის მაგალითია: წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინები. ვაქცინების სხვა ფორმაა “მკვდარი” ან “ინაქტივირებული” ვაქცინები, როგორიცაა გრიპის ან ცოფის ვაქცინები. ისინი არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებს, ასეთ შემთხვევაში დაავადება არ ემართება ადამიანს, მაგრამ იმუნური სისტემა იმუშავებს დაცვას მის მიმართ.

აივ/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიეკუთვნება რეკომბინან-ტულ ვაქცინებს, ისინი განსხვავდება “ცოცხალი” ან “ინაქტივირებული” ტიპის ვაქცინებისგან, შექმნილია პათოგენის გენეტიკურად მოდელირებული კომპონენტებისგან, არ შეიცავენ ვირუსს და სრულიად შეუძლებელია, რომ გამოიწვიონ ინფიცირება ვაქცინაციის შედეგად. ხდება მხოლოდ აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება, იმ დროს, როცა ადამიანი არ არის ინფიცირებული აივ-ით.

აივ/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება იყოს თერაპიული და პრევენციული ტიპის.

თერაპიული ვაქცინები განსაზღვრულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქვთ აივ ინფექცია/შიდსი. თერაპიული ვაქცინის კვლევები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ორგანიზმის იმუნური სისტემა იმისათვის, რომ აკონტროლოს აივ-ი ორგანიზმში.

პრევენციული ვაქცინები განსაზღვრულია ჯანმრთელი ადამია-ნებისთვის აივ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. აივ ინფექცია/შიდსის ვაქცინების კვლევების უმეტესობა ფოკუსირდება სწორედ ამ ტიპის ვაქცინის შექმნაზე.

როგორც ცნობილია, არც ერთი ვაქცინა არ იძლევა 100%-ით ინფექციების ეფექტურ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟღერს როგორც პრობლემა, ვაქცინები საკმაოდ ძლიერი იარაღია დაავადებებთან ბრძოლაში. მათ აქვთ უდიდესი მნიშვნელობა და აქვთ უდიდესი სარგებელი როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოებისთვის.

ვაქცინების ტესტირებას სჭირდება მრავალი წელი. მაგალითად, მეცნიერებს დასჭირდათ 126 წელზე მეტი მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინას დასჭირდა 100 წელი, პოლიომიელიტის ვაქციანას 46 წელი, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა კი 9 წელიწადში შეიქმნა.

ვაქცინების სფეროში კვლევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რო-მელიც იწყება ე.წ. პრე-კლინიკური კვლევებით, ძირითადი ლაბორატო-რიული კვლევებით და პროდუქტის შექმნით, რაც მოიცავს ცხოველებზე ექსპერიმენტებსაც. ასეთ კვლევებს, როგორც წესი, ახორ-ციელებენ აკადემიური ლაბორატორიები და ფარმაცევტული ინდუსტ-რია. თუ ცხოველებზე კვლევები ადასტურებს პროდუქტის უსაფრთხოებას, შემდეგი ეტაპი არის კლინიკური კვლევები.

კლინიკური კვლევებისას ხდება შექმნილი პროდუქტების (კანდიდატი ვაქცინების) ტესტირება ჯანმრთელ მოხალისე ადამიანებზე თან-მიმდევრული ფაზებით. ვაქცინის კვლევების I და II ფაზა იძლევა მონაცემებს კანდიდატი ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ და მათ უნარზე გამოიწვიოს აივ სპეციფიური იმუნური პასუხი. მიღემული შედეგების მიხედვით კანდიდატი ვაქცინების კვლევა შესაძლოა გაგრძელდეს უფრო ფართომასშტაბიან III ფაზის კვლევაში, რათა მიღებული იქნეს სარწმუნო და საბოლოო ინფორმაცია აივ ინფექციის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმის გამომუშავების პროცესში ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1987 წლიდან 40-ზე მეტმა აივ ვაქცინის კანდიდატმა გაიარა კვლევების I და II ფაზები, სადაც მონაწილეობა მიიღო ათეულობით ათასმა ჯანმრთელმა მოხალისემ. კვლევების შედეგებმა ცხადყო ვაქცინების უსაფრთხოება და მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომავალში ახალი გენერაციის ვაქცინების შესაქმნელად, რომლებსაც შეეძლებათ აივ საწინააღმდეგო უკეთესი იმუნური პასუხის გამოწვევა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელიწადში შეიქმნება საკმა-ოდ ეფექტური აივ ინფექცია/შიდსის საწინაღმდეგო ვაქცინა. ტაილანდში ჩატარებული კვლევამ, რომლის შედეგები გამოქვეყნდა 2009 წელს, ინტერვენციის ჯგუფში აჩვენა ვაქცინის 30% ეფექტურობა პლაცებო ჯგუფთან შედარებით. მკვლევარები ცდილობენ გაანალიზონ ეს შედეგები უფრო ეფექტური ვაქცინის მისაღებად.

აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა საკმაოდ რთუ-ლია, კვლევებით მიღებული საიმედო შედეგების მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია, როგორ უნდა შეფასდეს აივ-ის საწინააღმდეგო იმუნური რეაქცია და საჭიროა ახალი მიდგომები, რათა სწორად განი-საზღვროს აივ საწინააღმდეგო იმუნური პასუხი და მოხდეს მისი გამომუშავება. ჯერ კიდევ უამრავი ვაქცინის კანდიდატების შექმნა გრძელდება ლაბორატორიებში და ტარდება უამრავი კლინიკური კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში.

ექსპერტების აზრით, უსაფრთხო და ეფექტური აივ/შიდსის საწი-ნააღმდეგო ვაქცინას ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან ერთად ექნება სასიცოცხლო მნიშვნელობა გლობალურ ეპიდემიასთან ბრძო-ლაში, რაც გამოიწვევს მკურნალობის საფასურის შემცირებას და მკურნალობის ეფექტურობის ხანგრძლივობის გაზრდას.

საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

femidaმ უ ხ ლ ი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
ამ კანონის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით.
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ძირითად პრინციპებს, ფიზიკურ პირთა აივ ინფექციაზე ტესტირების, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის, მათზე ზრუნვის საკითხებს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს.

მ უ ხ ლ ი 2. საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მ უ ხ ლ ი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
აივ ინფექცია – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი;
აივ სტატუსი – ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადასტურებული მონაცემი ფიზიკური პირის აივ-ით ინფიცირების შესახებ;
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას: აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას;
სამედიცინო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას;
ზიანის შემცირება – მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ქცევით, სპეციფიკური სოციალური ან სამედიცინო მანიპულაციით ან არახელსაყრელი გარემოთი გამოწვეული ზიანის შემცირებას;
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა – მოკლევადიანი ანტირეტროვირუსული მკურნალობა, რომელიც ამცირებს პოტენციური ექსპოზიციის შემდეგ აივ-ით ინფიცირების ალბათობას;
ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება – ინფორმაციის მიწოდების, მხარდაჭერის და ტესტირების ნებაყოფლობითი პროცესი, რომლის მიზანია, პირს მისცეს საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება აივ ტესტირებაზე, და დაეხმაროს მას ტესტირების შედეგების ინტერპრეტაციაში.

მ უ ხ ლ ი 4. აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების კოორდინაცია
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის უზრუნველსაყოფად იქმნება ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო შემდგომში – საბჭო).
საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და დებულებით.
საბჭო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციათა (დაწესებულებათა) შეთანხმებულ მოქმედებებს, განახორციელოს მათი საქმიანობის მონიტორინგი, გამოითხოვოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, მოიძიოს შესაბამისი რესურსები საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაწილეობა მიიღოს აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, უზრუნველყოს ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინიციატივების/საკითხების სამთავრობო დონეზე განხილვა და გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების ხელშეწყობა.

მ უ ხ ლ ი 5. სახელმწიფო პოლიტიკა აივ ინფექცია/შიდსის სფეროში
აივ ინფექცია/შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:
აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
სამედიცინო მომსახურებაზე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა უფლების დაცვა;
ფიზიკურ პირთა ინფორმირება აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ გამონაკლისების თაობაზე, როცა სავალდებულო ტესტირება კანონმდებლობითაა დაშვებული;
ფიზიკურ პირთა ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/და ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ფორმებისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;
აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების, აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
ფიზიკურ პირთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა და მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილება აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით;
აივ ინფექცია/შიდსის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება;
აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება/ხელშეწყობა, სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით;
მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აივ ინფექცია/შიდსის სფეროში უნივერსალური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის მეშვეობით;
აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
დედიდან ნაყოფზე/ახალშობილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა, აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ორსულთათვის, ორსულთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება მათი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, კონფიდენციალურობის დაცვით;
აივ ინფექციაზე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ღონისძიებების დანერგვა.

მ უ ხ ლ ი 6. ფიზიკურ პირთა ტესტირება აივ ინფექციაზე
საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელ მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად.
ფიზიკური პირის ტესტირება აივ ინფექციაზე ტარდება მისგან ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.
აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა:
სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის;
ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის;
ქსოვილების დონორთათვის;
კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის.
სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ახალშობილს მშობლის თანხმობის გარეშე ჩაუტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე იმ შემთხვევაში, თუ მშობლის აივ სტატუსი უცნობია, იგი უარს აცხადებს ტესტირებაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი ინფიცირებულობის შესახებ.
აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მ უ ხ ლ ი 7. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა, მხარდაჭერა/ხელშეწყობა და მოვლა
სახელმწიფო უზრუნველყოფს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის დროულობას და უწყვეტობას სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, თავად აირჩიოს, ნებისმიერ დროს შეცვალოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, უარი განაცხადოს მკურნალობაზე ან/და შეწყვიტოს დაწყებული სამედიცინო მომსახურება.
აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა, მხარდაჭერა/ხელშეწყობა და მოვლა უნდა წარიმართოს კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად.

მ უ ხ ლ ი 8. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პერსონალის ვალდებულებები
აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირს, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა ტესტირება აივ ინფექციაზე, მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ პირი უარს არ აცხადებს ინფორმაციის მიღებაზე. პირისათვის ინფორმაციის არმიწოდების ან ინფორმაციის მოცულობის შეზღუდვის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დიაგნოზთან ერთად პირს მიაწოდოს ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა სხვათა უსაფრთხოებისათვის და რომელთა დარღვევისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა.
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესთავაზოს პირს და, მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოს აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტირება.
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა.
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ, რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი.
აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ვალდებულია პირის მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია პირის აივ დადებითი სტატუსის შესახებ, თუ ცნობილია მისი მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა.

მ უ ხ ლ ი 9. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას, მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას, ასევე ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია პირის აივ ინფიცირების/შიდსით დაავადების შესახებ, ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დაიცვას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ.
მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია:
თუ აივ ინფიცირებულისაგან/შიდსით დაავადებულისაგან მიღებულია ინფორმირებული თანხმობა;
თუ არსებობს აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის წინასწარ განცხადებული წერილობითი თანხმობა მისი გარდაცვალების შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის შესახებ;
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ ინფორმაციის სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გაცემა დასაშვებია, თუ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია.
აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს პირი/პირები, რომელსაც/რომელთაც შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი აივ სტატუსის შესახებ.

მ უ ხ ლ ი 10. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა უფლებები
დაუშვებელია აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მიმართ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, თავისუფლებებისა და გარანტიების შეზღუდვა, რომლებიც ამ პუნქტში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პრინციპებიდან.
აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო დაუშვებელია, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი. აღნიშნულ საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისაგან მიიღოს სრული ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის, სამედიცინო მომსახურების სახეების, საფასურის, თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

მ უ ხ ლ ი 11. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა პასუხისმგებლობა და მოვალეობა
აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს სხვა პირისთვის შიდსის შეყრის საფრთხის შექმნისათვის და შიდსის გადაცემისათვის.
აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული, რომლისთვისაც ცნობილია საკუთარი აივ დადებითი სტატუსი, ვალდებულია დადგენილი წესით აცნობოს მეუღლეს/სქესობრივ პარტნიორს საკუთარი აივ ინფიცირების შესახებ.

მ უ ხ ლ ი 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისა და კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობის ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება;
აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა.

მ უ ხ ლ ი 13. ძალადაკარგულად ცნობილი აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 21 მარტის N683 კანონი “ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ” (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, NN23–26, მუხ. 557).

მ უ ხ ლ ი 14. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2009 წლის 17 ნოემბერი.
N 2042 – IIს

პალიატიური დახმარება გულისხმობს იმ პრობლემების დროულ გამოვლენასა და გადაწყვეტას, რომლებიც თან ახლავს განუკურნებელ დაავადებებს ტკივილისა და დაავადების სხვა გამოვლინებების შემსუბუქება, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი მხარდაჭერის აღმოჩენა, რომლის მთავარი მიზანია დაავადებულის და მისი ახლობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პალიატიური დახმარების ძირითადი პრინციპებია:

ტკივილის და დაავადების სხვა მძიმე გამოვლინებების შემსუბუქება;
სიცოცხლის და სიკვდილის, როგორც ბუნებრივი პროცესების აღიარება;
არ დაჩქარდეს სიკვდილის პროცესი, მაგრამ არც ტანჯვა გახანგრძლივდეს;
სამედიცინო დახმარებას თან ახლდეს სულიერი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;
რაც შეიძლება მეტად გახანგრძლივდეს პაციენტის აქტიური ცხოვრება;
პაციენტის სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგ – ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა ნათესავებისათვის;
მრავალპროფილიანი დახმარების ჩართვა, რომელიც შეესაბამება პაციენტის და მისი ახლობლების მოთხოვნილებებს და მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციებსაც;
ცხოვრების ხარისხის ამაღლება, შეძლებისდაგვარად დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება;
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით გამოყენებული იქნეს სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მიმართული მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია; ჩატარდეს გამოკვლევები, რომლებიც აუცილებელია გართულებების მიზეზების და მკურნალობის ტაქტიკის დასაზუსტებლად.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

პალიატიური დახმარება – აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა კომპლექსური დახმარების აუცილებელი კომპონენტია: ტკივილი, დიარეა, ხველება, ჰაერის უკმარისობა, გულისრევა, სისუსტე, დაღლილობა, ცხელება, აზროვნების არევა – ეს ჯერ კიდევ არ არის დაავადების გამოვლინებების მთელი ჩამონათვალი, რომლებთანაც უხდებათ შეხება ამ ადამიანებს. პალიატიური დახმარება ამსუბუქებს ამ გამოვლინებებს და ამით ათავისუფლებს პაციენტს ზედმეტი ტანჯვისა და საავადმყოფოში ხშირი მიმართვების აუცილებლობისაგან. ასეთი დახმარების გარეშე სიმპტომები მკურნალობის გარეშე რჩება, რაც ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებას. საზო-გადოებისთვის კი პალიატიური დახმარების ნაკლებობა ვლინდება საავადმყოფოების გადატვირთვით.

ზოგადი პრინციპები

პალიატიური მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ მკურნალობას და დახმარებას ტერმინალური მდგომარეობის დროს.
პალიატიური დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია სახლის პირობებში, საავად-მყოფოებში, ჰოსპისებში.
პალიატიური დახმარება აუცილებელია, თუ:
პაციენტი უარს აცხადებს თავისი დაავადების მკურნალობაზე და სურვილი აქვს მიიღოს პალიატიური დახმარება;
ძირითადი დაავადების მკურნალობა არ არის შემუშავებული ან არ არის ხელმისაწვდომი;
ფიზიკალური და სხვა გამოკვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან არ მოხდება მკურნალობის მოსალოდნელი შედეგების მიღწევა;
ადექვატური მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა უარესდება.
შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის რეგიონული ცენტრები კოორდინირებას გაუწევენ პალიატიური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სპეციალისტის და დაწესებულების მიერ გაცემული მიმართვები;
არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გაუწიონ ავადმყოფებს პალიატიური დახმარება ქვეყანაში მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
პალიატიური დახმარება უნდა აღმოუჩნდეს ყველა პაციენტს, რომლებიც საჭიროებენ მას და გამოთქვეს სურვილი მის მისაღებად. პალიატიური დახმარების მიღებისთვის პოლიტიკური ან სოციალური მიზეზების გამო უარი არავის არ უნდა ეთქვას.
პალიატიური დახმარების აღმოჩენა უნდა მოხდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად, კონკრეტული პაციენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
დაავადების მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს აივ ინფექციის სტადიისგან და-მოუკიდებლად (მაგალითად, ტუბერკულოზის მკურნალობა, ართ, ნარკოლოგიური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი თერაპია).
ნარკოტიკების ყველა ინექციური მომხმარებლისთვის შესაბამისი ჩვენებების არსებობისას, უნდა მოხდეს ჩანაცვლებითი თერაპიის შეთავაზება.

მომაკვდავი ავადმყოფის დახმარება

სიკვდილისთვის მომზადება

შეეცადეთ მოაგვაროთ ავადმყოფის ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.
განიხილეთ საკითხები, რომლებიც აწუხებს ავადმყოფს, მაგალითად ბავშვებზე მზრუნველობა, მათი სწავლის გადასახადი, ოჯახისთვის მხარდაჭერის წყაროები, ძველი უთანხმოებები.
უამბეთ ავადმყოფს, რომ ის უყვართ, რომ ის ყოველთვის ემახსოვრებათ.
ესაუბრეთ სიკვდილის შესახებ, თუ ავადმყოფს სურვილი აქვს.
დარწმუნდით, რომ ავადმყოფს ეხმარებიან სინანულის და დანაშაულის გრძნობის დაძლევაში.
ავადმყოფის სურვილის მიხედვით დაუკავშირდით მის სულიერ მოძღვარს.
ავადმყოფის მონახულება

გამოამჟღავნეთ თანაგრძნობა ავადმყოფის მიმართ.
არ დატოვოთ მარტო, შეეხეთ ხელზე, მოუსმინეთ, ესაუბრეთ.
ავადმყოფის მოვლა

შექმენით კომფორტული პირობები:
ავადმყოფს დაუსველეთ ტუჩები, პირი, თვალები.
შეინარჩუნეთ თეთრეულის სისუფთავე და სიმშრალე.
ცხელებისას შეეცადეთ დაუწიოთ ტემპერატურა და შეუმსუბუქეთ ტკივილი (საჭიროების მიხედვით მიეცით ანალგეტიკები 24 საათის განმავლობაში).
შეუმსუბუქეთ სხვა სიმპტომები, საჭიროების მიხედვით გამოიყენეთ სამკურნალო პრეპარატები.
ავადმყოფის სურვილით მიეცით დასალევი და საკვების მცირე ულუფები.
ავადმყოფთან შეინარჩუნეთ ფიზიკური კონტაქტი.
მიმართვა პალიატიური დახმარების სამსახურებში

შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის რეგიონალურმა ცენტრებმა უნდა გაუწიონ კოორდინირება ავადმყოფების გაგზავნას დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც ავადმყოფს აღმოუჩენენ პალიატიურ დახმარებას, მისი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
სხვა ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა, რომლებიც გეგმავენ ავადმყოფის გაგზავნას პალიატიური დახმარების სამსახურებში, უნდა დაამყარონ მჭიდრო ურთიერთობა შიდსის ცენტრთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ შიდსის ცენტრთან, მათ უნდა გაგზავნონ ავადმყოფები პალიატიური დახმარების სამსახურებში, აგრეთვე თვითონ უზრუნველყონ პალიატიური დახმარება.
იმ შემთხვეში თუ, ავადმყოფი იტარებდა ართ-ს ან ნებისმიერ სხვა მკურნალობას, მათ შორის ჩანაცვლებით ნარკოლოგიურ თერაპიას, აუცილებელია ამით ავადმყოფის უზრუნველყოფა.

სხვადასხვა სახის ინფორმაცია

გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე ოფიციალური ინფორმაციის სანახავად http://www.theglobalfund.org/en/hivaids/

გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე ოფიციალური ინფორმაციის სანახავად http://www.osgf.ge/files/2015/Publication/Brochure_100x150(400×150)_final_Print.pdf