„მე C ჰეპატიტი მაქვს! მომეცი ძალა, რომ გამოჯანმრთელებაზე დავიწყო ფიქრი“

სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ „გზის“ რედაქციამ წერილი მიიღო. ახალგაზრდა ბიჭი წერდა: „მე თოლია ვარ. კი, ნამდვილად ასე მქვია და ვაღიარებ, ბევრს აკვირვებს ჩემი სახელი. მინდა, ჩემს გოგოს თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ, სიყვარულში გამოვუტყდე. იცის, რომ მიყვარს. მასაც მოვწონვარ, მაგრამ ჩემთან ურთიერთობისგან თავს იკავებს ერთი მნიშვნელოვანი ამბის გამო: მე C ჰეპატიტი მაქვს. ვიცი, ძნელია ავადმყოფის გვერდით ცხოვრება, მაგრამ ეს დაავადება ხომ განუკურნებელიც არ არის? მაიკო, მომეცი ძალა იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებაზე დავიწყო ფიქრი და მშობლებს ექიმთან გავყვე. მარტო არაფერი მინდა, შენთან ერთად კი ნემსის ჩხვლეტასაც გავუძლებ და იმედი მაქვს, მთებსაც შევძრავ. გთხოვ, დამეხმარე და ნურც საკუთარ გულისთქმას ეტყვი – არას. ვიცი, ისევ გიყვარვარ!“

ჟურნალისტი სასწრაფოდ დაუკავშირდა თოლიას და სთხოვა, უფრო  დაწვრილებით მოეყოლა თავისი ამბავი. ჩვენ ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის შემოკლებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ:

– მადლობა, რომ დამიკავშირდით… ყველანაირად ვიზრუნებ, რომ ჟურნალის ეს ნომერი ჩემი საყვარელი ადამიანის ხელში მოხვდეს. ჰოდა, ამან იქნებ, კიდევ ერთხელ დააფიქროს და მიხვდეს, რომ არასწორად მექცევა. ჩემს ნაცვლად ის რომ ყოფილიყო ავად (ღმერთმა დაიფაროს ამისგან, ცუდად ყოფნას ნამდვილად არ ვუსურვებ), ყველაფერს გეფიცებით, არ მივატოვებდი. შევეცდებოდი, ყოველთვის მის გვერდით ვყოფილიყავი. არ ვარ ეგოისტი. ნამდვილად არ მინდა, ჩემ გამო ვინმემ ცუდად, რამეში დამნაშავედ იგრძნოს თავი, მაგრამ უკვე მართლა არ შემიძლია ამ გოგოს გარეშე არსებობა! რომ ვიცოდე, არ ვუყვარვარ, შევეშვებოდი, მაგრამ ვიცი, ჩემ მიმართ აქვს გრძნობები და ამ გრძნობებს თოკავს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მაცოფებს!

ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩემს უბანში გადმოვიდა. ჩემი და მისი მშობლები მალევე დამეგობრდნენ. მერე, როცა სკოლაში მივდიოდი, ზოგჯერ მაიკოს მაყოლებდნენ, – ხელი არ გაუშვა, კლასში შეიყვანეო…

როცა წამოვიზარდე და მივხვდი, რომ ამ გოგოს გვერდით სიარული არ „ტეხავდა“. სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, სწორედ მაშინ გავაანალიზე, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც მის გვერდით სიარული, მასთან ერთად დღის გატარება იყო… ერთხელაც, სიყვარულში გამოვუტყდი და თავადაც აღიარა: დიდი ხანია, მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერ გეუბნებოდი. „გულზე ვსკდებოდი“, როცა ჩემი კლასელები გეპრანჭებოდნენო…

ჩემი სიყვარულის ამბავი არავისთვის დამიმალავს, მშობლებსაც კი ვუთხარი. ვინაიდან ჩემები მის დედ-მამასთან მეგობრობდნენ, დამალვას აზრი არ ჰქონდა და მამამისსაც დაველაპარაკე: საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ, თუ მაიკოზე ვიზრუნებ-მეთქი? – არა, სიძე, შე ძველო, პირიქით, ძალიან გამიხარდება, თუ ერთად იქნებითო. მოკლედ, „დაბრო“ მქონდა ყველა მხრიდან. დაახლოებით 4 თვე ყველაფერი მაგრად იყო. მერე გავცივდი. თავიდან შინაურული მეთოდებით ვმკურნალობდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გამირთულდა, ვიკადრე ექიმთან მისვლა. გაირკვა, რომ იმუნიტეტი დამიქვეითდა. ანალიზები ამიღეს, რაღაცები იეჭვეს და საბოლოოდ, C ჰეპატიტი დამიდგინეს. ეს ჩემთვის თავზე ცის ჩამომხობის ტოლფასი იყო. თითქოს, მეხი გავარდა და მე დამეცა.

კარგა ხანი თავად არ მინდოდა არავის დანახვა. ყველას გავურბოდი, სასწავლებელშიც არ დავდიოდი. მერე ვეღარ გავუძელი მონატრებას და მაიკოს ნახვა ვითხოვე. მოვიდა, მაგრამ რაღაცნაირად შეშინებული ჩანდა. მივხვდი, ეშინოდა, ჩემგან დაავადება არ გადასდებოდა და ოთახიდან გავაგდე. დიახ, თავი ვერ შევიკავე და დავუყვირე… ახლა მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ მერწმუნეთ, არც ერთ ავადმყოფს არ მოსწონს, როცა გაურბიან.

ამის შემდეგ გამიბრაზდა: რატომ მიყვირე? შენგან ამას არ ვიმსახურებდი. მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა, მაინც მოვედი, გავრისკე, შენ კი ოთახიდან გამომაგდეო. დიახ, ეს მიზეზია დასაშორებლად, ამაში დარწმუნებული ვარ! ბევრი ისეთი წყვილი ვიცი, რომლებსაც ერთმანეთთან მაგრად უჩხუბიათ და მერე შერიგებულან, მე კი თუ ნამდვილად ვუყვარვარ, ერთხელ დაყვირება არ უნდა მაპატიოს? მით უმეტეს, იცის, როგორი იყო იმ მომენტში ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა… ეგ კი არა, მისი მშობლებიც გვერიდებიან. აქამდე თუ დღე არ გავიდოდა ისე, რომ ჩვენთან არ შემოსულიყვნენ, ახლა დარეკვითაც იშვიათად იწუხებენ თავს. დედა მათ იცავს: რა ქნან? მაიკო რომ გამხდარიყო ავად, შეიძლება, მეც იმავენაირად მოვქცეულიყავი, მათთვის თავის არიდებაზე მეფიქრაო. აი, მე კი დარწმუნებული ვარ, ის ასე არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა და მე – მით უმეტეს! მე რომ რაიმე უკურნებელი სენით ვიყო ავად და ხელის ჩამორთმევით გადადიოდეს ჩემი დაავადება, მათ მდგომარეობას „გადავხარშავდი“, თავად მოვერიდებოდი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას,  ისინიც  რომ არ გამეწირა ტანჯვისთვის, მაგრამ უსაშველო და საშიშიც რომ არაფერი მჭირს, ვერ ვხვდები, რატომ მიმატოვეს?

– ახლა მკურნალობის კურსს გადიხარ?

– თავიდან დავიწყე მკურნალობა, მაგრამ მერე ყველაფერზე გული ამიცრუვდა. მის გარეშე აღარც ექიმი მინდა და აღარც სიცოცხლე. მერწმუნეთ, სიტყვას არ გადავალ: თუ არ ვუნდივარ, დაე, იპოვოს ბედნიერება სხვაგან, მე კი ვიცი, სადაც უნდა წავიდე…

საშიში არაფერია, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ადრე თუ გვიან, „იქ“ შევხვდებით ერთმანეთს… მაგრამ არა, მე ჯერ სიკვდილზე არ ვფიქრობ. ვიბრძოლებ საყვარელი ადამიანის დასაბრუნებლად და მერე გამოჯანმრთელებასაც შევძლებ – ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. მე ჯანმრთელი შთამომავლობა მეყოლება, რა თქმა უნდა, თუ ერთი ძალიან ლამაზი გოგონას ქვის გულის ხელმეორედ მოგებას შევძლებ…

– მეგობრებმა იციან შენი დაავადების შესახებ?

– იციან და ვხვდები, ზოგიერთი მათგანი ისევე ცდილობს ჩემგან შორს ყოფნას, როგორც მაიკო, ზოგიერთი კი მხარში მიდგას. იცით, უვიცობის ბრალია ეს ყველაფერი. ამ ადამიანებმა რომ იცოდნენ, C ჰეპატიტი რა დაავადებაა, ჩემგან არ გაიქცეოდნენ. ეს არის დაავადება, რომელიც გადადის სისხლით და ცნობისათვის: ამით შესაძლოა, ნებისმიერი თქვენგანი დასნებოვნდეს და იცით, როგორ? იმ შემთხვევაში, თუ მიხვალთ მანიკიურის გასაკეთებლად, თუ სტომატოლოგს შეეშლება რამე, თუ ანალიზის აღებისას შეცდომას დაუშვებს ექიმი და ა.შ. ჰოდა, არავინ იცის, ვის რა ელოდება. არც მე მეგონა, ოდესმე ავად თუ გავხდებოდი, მაგრამ აჰა, მეც გავხდი ამ ყველაფრის მსხვერპლი, მაგრამ საზოგადოებისთვის საშიშროებას ნამდვილად არ წარმოვადგენ. ასე რომ იყოს, გეფიცებით, საავადმყოფოდან თავს არ გამოვყოფდი, იქ დავლევდი სულს! როგორ გგონიათ, ოჯახის წევრების სიცოცხლეს შევუქმნი საფრთხეს? მათ გვერდით ვარ გამუდმებით და რა, გადავდე ვინმეს რამე? ძალიან გთხოვთ, ხალხო, აზრზე მოდით. C ჰეპატიტზე უკვე ისე ხმამაღლა ლაპარაკობენ, მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის ეს დაავადება. ნუ გეშინიათ ჩემნაირების.

 

საინტერესოა, რა იციან მოზარდებმა C ჰეპატიტზე და შეძლებდნენ თუ არა დასნებოვნებულ ადამიანთან მეგობრობის გაგრძელებას?

 

მარიკო, 16 წლის:

– რა თქმა უნდა, რომელიმე ჩემს მეგობარს ეს დაავადება რომ აღმოაჩნდეს, არ მესიამოვნება ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მასთან ურთიერთობას არ შევწყვეტ. არა მგონია, ეს მშობლებმაც ამიკრძალონ. ვიცი, რომ დაავადება მხოლოდ სისხლით გადადის. ასე რომ, მეგობრისგან რაიმეს „აკიდების“ რისკი მინიმალურია.

სალი, 17 წლის:

– ალბათ, გამიჭირდებოდა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი მეგობრის სიცოცხლე საფრთხეშია. ვაღიარებ, შევეცდებოდი, მასთან ურთიერთობისას დისტანცია დამეცვა. ძნელია გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან რაიმე გადაგედოს და ეს დაძაბულობა ურთიერთობაზეც აისახებოდა. მესმის თოლიას შეყვარებულის. ის ალბათ, ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ ახერხებს, დაავადებულთან ურთიერთობის შიში დასძლიოს. შესაძლოა, ეს ვერც მე მომეხერხებინა. თუმცა, თოლიასაც არაფერი დაუშავებია და მასაც აქვს ბედნიერების უფლება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

შმაგი, 18 წლის:

– ბიძა მყავს C ჰეპატიტიანი და შესაბამისად, ამ დაავადების შესახებ ბევრი ინფორმაციაც მაქვს. მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ჩვეულებრივადაა. უბრალოდ, ხელი თუ გაიკაწრა ან რაღაც მსგავსი, ვცდილობთ, იმ ადგილს არ შევეხოთ, ვიდრე დეზინფექცია არ მოხდება… ცხადია, ამ დაავადების გამო მეგობარსაც არ ვკრავდი ხელს. ვფიქრობ, მაიკო შეცდომას უშვებს, შეყვარებულს რომ შორდება. თანაც, თუ დაავადების ადრეული სტადიაა, ადვილი შესაძლებელია, ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, ასე მგონია.

 

C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების უფასო ტრენინგებზე ამ ახალგზრდებზე გაცილებით უფროსი, ასაკიანი ადამიანებიც სვამენ კითხვებს, რამდენად სარისკოა სასიყვარულო თუ მეგობრული ურთიერთობა, თუნდაც დაოჯახება  C  ვირუსის მატარებელ ადამიანთან. ყველას ვუხსნით, რომ C ვირუსი მართლაც არ გადადის ხელის ჩამორთმევით ან კოცნით, პირადი ჰიგიენის დაცვა კი ნებისმიერი ვირუსული დაავადების არსებობისას არის საჭირო. ამ ვირუსის დასამარცხებლად მკურნალობასა და პაციენტის მონდომებასთან ერთად, უპირველესად, სწორედ მეგობრის, საყვარელი ადამიანისა თუ ოჯახის წევრის თანადგომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი.

 

რა შემთხვევაში შეიძლება ვირუსის გადადება, როდესაც შენი პარტნიორი C ვირუსითაა დასნებოვნებული და როგორ შეიძლება მისგან გადადების თავიდან აცილება? – ჩვენს ამ კითხვას ექიმი-ჰეპატოლოგი ელზა ვაშაკიძე  პასუხობს:

– C ჰეპატიტის ვირუსის გადადების ალბათობა სქესობრივი კონტაქტის დროს მცირეა – დაახლოებით 5 %. გადაცემის ალბათობა მეტია, როცა ინფიცებულის სისხლში ვირუსების მაღალი შემცველობაა ან იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი შიდსის ვირუსითაც არის ინფიცირებული. რაც შეეხება ვირუსის მატარებელ ადამიანთან ახლო კონტაქტისას თავდაცვას, საამისოდ რაიმე სპეციფიური რეკომენდაციები  არ არსებობს.

წყარო : http://hepatiti.ge/2015/10/31/მე-c-ჰეპატიტი-მაქვს-მომეც/