„სწრაფი ტესტირების შედეგად C ჰეპატიტის ვირუსი აღმომაჩნდა. სავარაუდოდ, დამიდგინდა ქრონიკული ფორმა. სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა მჭირდება, თუმცა, არ ვიცი, კონფიდენციალობის დაცვა რამდენად შესაძლებელია. არ მინდა სამსახურში შემექმნას პრობლემები, რაც ნამდვილად მოსალოდნელია“.
რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის სტერეოტიპის მსხვერპლია, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტით მხოლოდ ისეთი მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლები ავადდებიან, როგორებიცაა: ნარკომანები და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები და სხვ.
C ჰეპატიტი სისხლით გადამდები ვირუსია, რომლითაც ძირითადად ღვიძლის უჯრედები ინფიცირდება. დაავადება, მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, ლეტალური შედეგით დამთავრდეს. საქართველოში მისი შესწავლა მე-20 საუკუნიდან დაიწყო, თუმცა დაავადების საფუძვლიანი კვლევა ახლა მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომ არ არსებობს საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა ოფიციალური სტატისტიკა.
არაოფიციალური ინფორმაციით კი, მათი რიცხვი დაახლოებით 200 ათასია და ყოველწლიურად 2%-ით იზრდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ორგანიზაცია „C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების“ იურისტის, ანდრო ხარატიშვილის აზრით, სტატისტიკის არარსებობის კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ ეს ადამიანები დიაგნოზს მალავენ: „შიში უჩნდებათ, რომ არსებული სტიგმის მსხვერპლნი აღმოჩნდებიან და თავს დამნაშავედ გრძნობენ, არადა, პირიქით, მათ დახმარება სჭირდებათ. C ჰეპატიტით დაავადებულთა მხოლოდ 20% პროცენტი განეკუთვნება მარგინალურ ჯგუფთა წარმომადგენლებს“.
ანდრო ხარატიშვილის თქმით, ბევრი პრეცედენტის შესახებ სმენია, როცა C ჰეპატიტით დაავადებული სამსახურიდან გაუთავისუფლებით. მიუხედავად ამისა, პირადად მისთვის დასახმარებლად არავის მიუმართავს.
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ადამიანის სამსახურიდან ამ მიზეზით გაშვების შესაძლებლობას, გარდა გამონაკლისისა, როცა საქმე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ეხებათ.
სახელმწიფო, ამ მხრივ, თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. დაიწყო ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯებს სრულად უნაზღაურებენ, რაც აშკარად მისასალმებელია. ეს მცდელობა ინფიცირებულთა ფიზიკურ გადარჩენაზეა ორიენტირებული და მათ სიცოცხლეს უზრუნველყოფს. თუმცა არსებობს ერთი მტკივნეული საკითხი, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომელსაც ბევრი არ ითვალისწინებს. მხედველობაში მაქვს C ჰეპატიტით დაავადებულთა ერთგვარი მიუღებლობა საზოგადოების ნაწილის მხრივ. სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია არანაკლებ დამანგრეველ შედეგებს იწვევს ინფიცირებულთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს.
მაგალითად, C ჰეპატიტით დაავადებული გიორგი შანიძე, რომელიც საჯარო სამსახურის თანამშრომელია. ის დიაგნოზს არ მალავს და პრობლემებიც არ შექმნია პირად ცხოვრებასა თუ სამსახურში.
თუმცა, ცნობილია ისეთი შემთხვევაც, როცა ერთი პირისთვის, რომელიც ბარმენად მუშაობდა და ანონიმურობა ითხოვა, მსგავსი გახსნილობა სამსახურის დაკარგვით დასრულდა.
ირაკლი იმნაიშვილის ინიციატივით, რომელიც წლები ებრძოდა ამ დაავადებას, ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება“. მასში გაწევრიანებულ ადამიანებს უტარდებათ ტრენინგები. ისინი უზიარებენ გამოცდილებას ერთი-მეორეს და ეძებენ საზოგადოებასთან ინტეგრაციის გზებს.
„თავიდან ყველას უჭირს დიაგნოზის აღიარება. თუმცა, როცა ხედავენ, რომ მსგავსი პრობლემა სხვასაც აქვს და არავინ განსჯის, იხსნებიან და თამამად იწყებენ საუბარს“, – შენიშნავს „C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების“ წარმომადგენელი, ნანიკო ბარამია.
ტრენერი ირმა ხარშილაძე იხსენებს იმ დროს, როდესაც საკუთარი დიაგნოზის შესახებ საუბარი ეუხერხულებოდა. ამავე საკითხზე მსჯელობენ ტრენინგზე მისული პაციენტებიც.
ამგვარი მიდგომა ააშკარავებს სტიგმატიზაციას. C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები საზოგადოების არასწორი ინფორმაციისა თუ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამო ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ეს კი ქმნის საფრთხეს, რომ პაციენტი დამალავს დიაგნოზს და, უარეს შემთხვევაში, გამჟღავნების შიშით, მკურნალობასაც არ დაიწყებს.
დღეს C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, არსებული მანკიერი სტერეოტიპის ნგრევა. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულია მედიის როლი. მის მიერ გამოვლენილ დისკრიმინაციულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება. თუ ავადმყოფთან თანაარსებობის წესებს გავეცნობით, რომელთა დაცვა არც ისე რთულია, შიში ისევე დაიძლევა, როგორც თავად „ალერსიანი მკვლელი“…
გვანცა სილიკაშვილი
წყარო : http://hepatiti.ge/2016/02/14/ცხოვრება-c-ჰეპატიტით-დანა/